"მეტოქის თამაშს ვაანალიზებ და შემდეგ დასკვნები გამომაქვს" - მესის ინტერვიუ
ლეო მესიმ Ole-სთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:
ლეოს ფეხბურთის ყურება და მეტოქეებზე დაკვირვება უყვარს
„ფეხბურთს ხშირად ვუყურებ, სხვადასხვა ლიგებს თვალს ვადევნებ, მაინტერესებს სად როგორი მდგომარეობაა.
დიახ, მეტოქის თამაშს ვაკვირდები, მიუხედავად იმისა, რომ ამას მწვრთნელები აკეთებენ, მათი თამაშის გაანალიზება მომწონს. ვუყურებ და შემდეგ დასკვნები გამომაქვს“.
მოახლოებული კოპა ამერიკა
„კოპა ამერიკა? მთელი გუნდი მოწადინებულები და აღფრთოვანებულები ვართ, რომ თასზე თამაში შეგვიძლია. დიდი ხანია, რაც ერთად არ შევკრებილვართ. ბოლოს ხელი ვირუსმა შეგვიშალა. ეს ყველაფერი ერთად ყოფნის სურვილს უფრო მეტად გვიზრდის. ეს განსხვავებული ტურნირი იქნება, რადგან ალბათ მატჩებს ხალხი არ დაესწრება“.
რას ნანობს მესი
„ვნანობ, რომ კარიერის დასაწყისში მაისური ბევრი ფეხბურთელისთვის არ გამიცვლია. რონალდო, რობერტო კარლოსი - კარგი იქნება მათი მაისურები მქონოდა. თუ გაბრაზებული არ ვარ მაისურს ყოველთვის ვუცვლი“.
რთულია იყო მესი
„ზედმეტი ყურადღება? ჩემს შვილს ტიაგოს არ მოსწონს, როცა ქუჩაში ცნობენ, რადგან მორცხვია. მატეო კი ამას საერთოდ არ განიცდის.
ხანდახან მინდა, რომ უბრალოდ საქმით დავკავდე, ვერავინ შემამჩნიოს, მაღაზიაში შევიდე, ან ხალხმრავალ ადგილას გავიარო, რაც ადვილი სულაც არ გახლავთ, თუმცა ხალხთან ყოფნა მომწონს, სასიამოვნოა როცა გესაუბრებიან და ფოტოს გადაღებას გთხოვენ, თუმცა ხანდახან არის მომენტები, როცა ეს არ გინდა“.
პირველი მოგონებები ბურთთან
„როდესაც 4-5 წლის ვიყავი ბურთით თამაში მაშინვე დავიწყე. ეს მაშინვე მოხდა, როცა სიარული დავიწყე. მახსოვს „გრანდოლის“ რიგებში ჩემი პირველი თამაშები. მე უფროსი ძმები მყავს, ასევე უფროსი ბიძაშვილები. ყოველთვის დავდიოდი მათთან სათამაშოდ. ძალიან პატარა ვიყავი, უკვე 4 წლის ასაკში კლუბში დავდიოდი, ასევე ქუჩაშიც ვთამაშობდი“.
ოჯახური ცხოვრება
„სიმართლე ის არის, რომ ბავშვების გამო ჩვენ ბევრს არ ვსეირნობთ. ჩვენ სამი შვილი გვყავს და ვცდილობთ მათ რუტინას მოვერგოთ. ისინი მიდიან სკოლაში და აკეთებენ რაღაცას.
გამიმართლა, რომ მათთან დიდ დროს ვატარებ. დამყავს სკოლაში, შემდეგ ფეხბურთზე, სხვადასხვა აქტივობებზე. ყველაზე სასიამოვნოა მათთან ერთად გაღვიძება და შემდეგ საუზმე, თუმცა ხანდახან მათი მოკვლა გინდა (იცინის)“.
შეგახსენებთ, რომ მესი ლა ლიგის ბოლო ტურში არ ითამაშებს. ის კოპა ამერიკისთვის დაისვენებს, რომელიც სტარტს 13 ივნისს აიღებს. ტურნირს არგენტინა უმასპინძლებს.