პირლო:
Aa
Aa

პირლო: "რონალდუ შეცვლით პირველად იყო ბედნიერი"

„ინტერთან“ მოგებული (3:2) დრამატული მატჩის შემდეგ, ანდრეა პირლო პრესის წინაშე წარსდგა და გუნდში არსებულ მდგომარეობასთან ერთად, რონალდუს ნაადრევად შეცვლაზეც ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ 70-ე წუთზე შეცვალეს, როცა „იუვე“ მოედანზე კაცნაკლული იყო და უმნიშვნელოვანესი მატჩის დასრულებამდე ოცი წუთი რჩებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ რონალდუ შეცვლით პირველად იყო ბედნიერი. ჩვენ კაცნაკლულნი ვთამაშობდით და კრიშტიანუ „ჩრდილებს დასდევდა“. ის ბედნიერი იყო და გასახდელში იღიმოდა.

ყველა ბურთზე ვიბრძოდით, იგივე სურვილი და მონდომება მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გვქონოდა. ასე რომ მოვქცეულიყავით, ახლა ოთხეულისთვის ბრძოლა არ მოგვიწევდა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით ისეთ მატჩებში, რომლებიც ფურცელზე მარტივად მოსჩანდა.

ჩვენს თავებს ბევრჯერ ვკითხეთ, თუ რა გვაკლდა ამ სეზონში. შიგნით იგივე ცეცხლი არ გვქონდა. გუნდის ახალგაზრდა წევრებმა დაამტკიცეს, რომ დიდ მატჩებში თავიანთ დავალებას ასრულებენ.

იუვენტუსში თამაშს მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. ახალგაზრდებმა ეს უნდა დაამტკიცონ. ადაპტაციას დრო სჭირდება.

ამდენი ქულა არ უნდა დაგვეკარგა. ეს კარგი გუნდია, ჩვენ გასაუმჯობესებლად მუშაობა გვმართებს, თუმცა საფუძველი კარგი გვაქვს“.

„იუვენტუსი“ ამ მომენტისთვის სხვებზეა დამოკიდებული. თუ „ნაპოლი“ თავის მატჩებს მოიგებს და ქულებს არც „მილანი“ დაკარგავს, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები