ხვიჩა კვარაცხელია, ფედერიკო გატი
Aa
Aa

ნაპოლის ფანებს გატის შეძენა არ უნდათ | ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩას უკავშირდება

„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება. „პარტენოპეის“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ბევრი საფიქრალი აქვს და ერთ-ერთი მათგანი დაცვაში შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. ალესანდრო ბუონჯორნო ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება. სემ ბუკემას აქილევსის გაწყვეტილი მყესი ბოლომდე არ მოუშუშებია, ხოლო რაფა მარინმა და ლუკა მარიანუჩიმ წინასასეზონო ეტაპი ცუდად დაიწყეს.

ნეაპოლელებმა გადაწყვიტეს, მდგომარეობის გამოსასწორებლად ცენტრალური მცველი დაიმატონ. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ სიის სათავეში „იუვენტუსის“ მცველი, ფედერიკო გატი იმყოფება, თუმცა „პარტენოპეის“ გულშემატკივრები მის შეძენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

„ნაპოლის“ ქომაგები თვლიან, რომ გატი სათანადო დონის მცველი არ არის და მათი საყვარელი კლუბი უკეთეს ფეხბურთელს იმსახურებს. გარდა ამისა, იტალიური გამოცემები აქცენტს აკეთებენ ინციდენტზე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.

„ნაპოლის გატის შესაძენად მინიმუმ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, მაგრამ არის ერთი პრობლემა: პარტენოპეის ფანებს მისი შეძენა არ უნდათ, რადგან ახსოვთ „მუშტი“, რომელიც 2023 წლის აპრილში, „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩისას, მან კვარაცხელიას მოარტყა“, — წერს AreaNapoli.

„ნეაპოლელებს არ დავიწყებიათ ის „მუშტი“, რომელიც „ფროზინონეს“ ყოფილმა მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ იმ მატჩში ჩაარტყა, რომელიც 0:1 დასრულდა — მათი მესამე სკუდეტოს სეზონში. ამ ინციდენტმა იმ დროს ნეაპოლელი გულშემატკივრების დიდი პროტესტი გამოიწვია. პირველი ტაიმის ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც გატიმ უკნიდან მას თვალნათლივ ჩაარტყა მუშტი. ეს ეპიზოდი შეუმჩნეველი დარჩათ როგორც მსაჯ ფაბრის, ისე VAR-ს, რის გამოც გატიმ მატჩი ისე ჩაამთავრა, რომ გაფრთხილებაც კი არ მიუღია. თუმცა, ამ შემთხვევამ „ნაპოლის“ ფანებში ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა“, — წერს La Gazzetta dello Sport-ი.

ცნობისთვის, გატის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფედერიკო 28 წლისაა და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 14 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთან ჩხუბს ცარუკიანი ბევრად მეტად იმსახურებს“ | გეიჯიმ ილიასთან რემატჩზე ისაუბრა
„ჩემთან ჩხუბს ცარუკიანი ბევრად მეტად იმსახურებს“ | გეიჯიმ ილიასთან რემატჩზე ისაუბრა