იჯარა სერია ა-ში? | მამარდა სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვეზე მეტი რჩება, თუმცა „ლივერპულის“ მეკარეების საკითხზე თითქმის ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
ამჯერად „წითლების“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს.
მისი ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის ერთწლიანი იჯარით დამატება სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს და ეს კლუბებია „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“. ამჟამად სერია ა-ს კლუბები წინადადებას განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ უკავშირებენ „ლივერპულის“ ბრაზილიელ მეკარე ალისონ ბეკერსაც. იტალიური მედია წერდა, რომ პირადი კონტრაქტის პირობები ტურინელებმა ფეხბურთელს უკვე შეუთანხმეს, თუმცა თუ კლუბებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა და მერსისაიდელებმა ალისონის ტრანსფერი დაბლოკეს, არაა გამორიცხული, რომ მის ნაცვლად ტურინში მამარდაშვილი გადაბარგდეს.
რაც შეეხება „ინტერსა“ და „ფიორენტინას“, მილანური კლუბი „იების“ ესპანელი მეკარით, დავიდ დე ხეათი არის დაინტერესებული, და თუ ეს ტრანსფერი შედგა, ფლორენციელებს ახალი პირველი ნომერი დასჭირდებათ, ხოლო ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში მამარდაშვილი შეიძლება კრისტიან კივუს გუნდშიც ვიხილოთ.
აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის შეფასებით, ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულებება 28 მილიონი ევროა.