ბუფონი ბარსელონაში? პირველი კონტაქტი შედგა
Aa
Aa

ბუფონი ბარსელონაში? პირველი კონტაქტი შედგა

როგორც ცნობილია, 43 წლის ჯიჯი ბუფონი სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციკლი დასასრულს უახლოვდება.

თუმცა, დაასრულებს თუ არა ბუფონი კარიერას? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. იტალიური Football Italia Footmercato-ზე დაყრდნობით წერს, რომ ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

წყაროს ცნობით, ბუფონსა და კატალონიელებს შორის კონტაქტი შედგა და „ბარსელონამ“ მას წინადადებითაც მიმართა, თუმცა მეტი დეტალი ამ მომენტისთვის არ საჯაროვდება.

„ბარსა“ ზაფხულისთვის თავისუფალი აგენტების დამატებას გეგმავს, რადგან ტრანსფერებისთვის ფული არ აქვთ. კლუბის სათადარიგო მეკარე ნეტო ტერ შტეგენის დუბლიორობით უკმაყოფილოა, რადგან მას თამაში პრაქტიკულად არ უწევს. აქედან გამომდინარე „ბლაუგრანა“ ახალი სათადარიგო მეკარის შეძენას გეგმავს.

ბუფონის ოცნება - ჩემპიონთა ლიგა

ბუფონმა "ბიანკონერი" ერთხელ უკვე დატოვა. 2018 წელს ვეტერანი კარის დარაჯი "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა, თუმცა 1 წლის შემდეგ კვლავ "ბებერ ქალბატონში" დაბრუნდა.

ჯამში ბუფონმა "იუვენტუსის" მაისური დღემდე 683-ჯერ მოირგო. ჯანლუიჯის მრავალწლიან კარიერაში უამრავი ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. სხვადასხვა ინტერვიუებიდან ცნობილია, რომ მისი ოცნება, სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები