„მოვიგე, მაგრამ კარგად არ მითამაშია“ - იამალმა მუნდიალზე ისაუბრა
ლამინ იამალმა გასულ ზაფხულს კიდევ ერთი დიდი ოცნება აისრულა და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ „ბარსელონას“ 19 წლის ვარსკვლავი მოედანზე იმის 30 პროცენტსაც ვერ აჩვენებდა, რისი გაკეთებაც რეალურად შეეძლო. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება თავად ლამინმაც Movistar Plus-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად გუნდური წარმატებისა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ პლანეტის პირველობაზე საკუთარი ასპარეზობით ძალიან უკმაყოფილო იყო.
ლამინ იამალი
მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების მიუხედავად, კმაყოფილი არ ვიყავი. დიახ, მუნდიალამდე ტრავმა მქონდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ახლა ეს ტურნირი თავიდან რომ გაიმართოს და ტრავმა აღარ მქონდეს, მაინც ისეთივე დონეზე ვიასპარეზებდი. მე ვაკეთებდი მოედანზე იმას, რაც ბევრი გულშემატკივრისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ვფიქრობ მთავარი მწვრთნელისთვის შესანიშნავი ამბავია, როდესაც გუნდში ჰყავს მოთამაშე, რომელიც სამ თანაგუნდელს მაინც გაუხსნის სივრცეებს და გაუადვილებს თამაშს, მაგრამ მე მაინც უკმაყოფილო ვიყავი. გეთანხმებით, ესპანეთის ნაკრებს ბევრ რამეში დავეხმარე, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატი.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ისიც ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთის ნაკრების კარში. სამაგიეროდ, საკლუბო სეზონი მისთვის ისეთივე ბრწყინვალედ დაიწყო, როგორც წინა დაასრულა და ყველა ტურნირზე გამართულ 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია.