დინამო თბილისი, ნიკა ნინუა, გიორგი არაბიძე, ლუკა პარკაძე, გიორგი ხარაიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ქუთაისის ტორპედო, რუსთავი
Aa
Aa

არაბიძის და ხარაიშვილის ბრწყინვალე თამაში - ლომინაძემ ტორპედოში პირველად გაიტანა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტური დღეს სამი შეხვედრით დასრულდა და უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ლოგიკური შედეგით დასრულდა. სატურნირო ცხრილის აუტსაიდერმა „მეშახტემ“ საკუთარ სტადიონზე „რუსთავს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის ბოლოს ლუკა პარკაძის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო ბურთი გახლდათ. 21 წლის უნიჭიერესმა ახალგაზრდამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი, ტექნიკურად გაისარჯა და ბრწყინვალე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა.

„ტორპედომ“ ჩემპიონატში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და „შენგელია არენაზე“ გამართულ იმერეთის დერბიში წყალტუბოს „სამგურალი“ 3:2 დაამარცხა. მასპინძლების რიგებში საუკეთესო გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა გაიტანა, ორი საგოლე პასიც შეასრულა და ასისტენტთა დავაში 11 შედეგიანი გადაცემით პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. აღსანიშნავია ნოდარ ლომინაძის სადებიუტო გოლი ქუთაისელთა რიგებში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არ აღნიშნა, რადგან „სამგურალი“ მისი ყოფილი კლუბია.

არაბიძეს არ ჩამორჩა გიორგი ხარაიშვილი და არანაკლები სილამაზის საჯარიმო გაიტანა. ხარაიშვილის „დინამო თბილისმა“ საკუთარ სტადიონზე „გაგრა“ დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. გიორგიმ სტანდარტულის გარდა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და დუბლი შეასრულა, ხოლო ნიკოლოზ ნინუას აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასი იყო.

ცნობისათვის, 26 ტურში დაგროვებული 46 ქულით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილს სათავეში „რუსთავი“ უდგას, რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ „დინამო ბათუმს“ – 2, ხოლო მესამეადგილოსან „დინამო თბილისს“ 4 ქულით უსწრებს, თუმცა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს რუსთაველებზე თამაშით ნაკლები აქვს გამართული. მომდევნო, რიგით 27-ე ტურის თამაშები 19-21 სექტემბერს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონის რთული გამარჯვება - იბერიამ სპაერს აჯობა
ჩემპიონის რთული გამარჯვება - იბერიამ სპაერს აჯობა