აბუაშვილს გატანა შეეძლო - მეცის პირველი მარცხი
საფრანგეთის ლიგა 2-ის წლევანდელ გათამაშებაში „მეცი“ პირველად დამარცხდა. მეექვსე ტურში გიორგი აბუაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „რედ სტარს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით, 0:1 წააგეს. თუ პირველ ნახევარში შედარებით თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, შესვენების შემდეგ მასპინძლების უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა, რომელთაც გამარჯვების გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს.
რაც შეეხება აბუაშვილს, 23 წლის ქართველი შემტევი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველ ნახევარში გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. მეტსაც გეტყვით, სანამ გუნდები შესვენებაზე გავიდოდნენ, 45-ე წუთზე გიორგის გატანა შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, 78-ე წუთზე კი, აბუაშვილი აბდულაიე ბამ შეცვალა. საერთო ჯამში გიორგიმ კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, საიდანაც 2 დაუბლოკეს, 1 კი კარში წავიდა. საკვანძო გადაცემა არ შეუსრულებია, პასები 78-პროცენტიანი (18-დან 14) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 34-ჯერ შეეხო, 5-ჯერ დაკარგა და დრიბლინგის 2 მცდელობიდან 1 წარმატებულად დაასრულა.
ცნობისათვის, ექვს ტურში დაგროვებული 9 ქულით „მეცი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. გიორგი აბუაშვილმა ექვსივე მატჩი ძირითადში დაიწყო და 1 გოლი გაიტანა. მომდევნო ტურში ქართველების დაპირისპირებას ვიხილავთ - „მეცი“ საკუთარ სტადიონზე „სენტ ეტიენს“ უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს და ეს მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.