WTA-ის 500-იანის ძირითად ბადეში - გორგოძე შტუტგარტში კერბერის წინააღმდეგ ითამაშებს
გერმანიის ქალაქ შტუტგარტში Porsche Tennis Grand Prix-ის სახელწოდების ქალთა 500-იანი ტურნირი იწყება. გათამაშების ძირითად ბადეშია ეკო გორგოძე, რომელიც ტურნირის პირველ რაუნდში ანგელიკ კერბერს შეხვდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ინდი დე ვრუმი 2 სეტში დაამარცხა, შემდეგ კი გერმანელ ანა-ლენა ფრიდსამთან წააგო, მაგრამ ძირითად ბადეში "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მაინც მოხვდა.
ეკოს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ თამაში მოუწევს. კერბერს კონკრეტულად შტუტგარტის ტურნირი ორჯერ - 2015 და 2016 წლებში აქვს მოგებული.
დიდი სლემის ტურნირების 3-გზის ჩემპიონსა და მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან გერმანელს კარიერის საუკეთესო პერიოდი დიდი ხანია აღარ აქვს, მაგრამ მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებს და ამჟამად WTA-ის რეიტინგის 26-ე პოზიციაზეა.
კერბერი და გორგოძე ერთმანეთის წინააღმდეგ პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავენ. მათ შორის გამარჯვებულს შემდეგ წრეში ელინა სვიტოლინა ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძე 19 აპრილის მონაცემებით, მსოფლიო რეიტინგში 215-ე ადგილზეა. მან აპრილის დასაწყისში ბელინცონას 60 000-იანი ტურნირის 1/2 ფინალში ითამაშა.