Aa Aa
7 აპრილი 2021  |  14:41

ჩემპიონთა ლიგა: განხილვა - ორი 1/4-ფინალი და 2 საკამათო მომენტი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალური ეტაპის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა. „რეალი“ – „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტი“ – „დორტმუნდის“ დაპირისპირებებში 7 გოლი ვიხილეთ.

გარდა გოლებისა, ამ ორ მატჩში 2 საკამათო ეპიზოდიც ვნახეთ, რომლებმაც გულშემატკივრებში და ექსპერტებშიც კითხვები გააჩინა.

ვასკესი-მანესა და ბელინჰემი-ედერსონის მომენტები. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ეპიზოდებს და როგორ შეფასდა მსაჯის გადაწყვეტილება. მოდით ჯერ „რეალი“ – „ლივერპულით“ დავიწყოთ.

ვასკესი-მანეს მომენტი

მატჩის 36-ე წუთზე, ერთწუთიან მონაკვეთში ორი მნიშვნელოვანი მომენტი ვიხილეთ. ალექსანდრ-არნოლდის გადაცემის შემდეგ, მანემ ვასკესს პოზიცია მოუგო, თუმცა ესპანელმა მას უბიძგა და ბურთი ტიბო კურტუას დარჩა.

ამ მომენტის გაამეორება ოპერატორებმა ვერ მოასწრეს, რადგან 27 წამში „რეალმა“ გოლი გაიტანა და 2:0 დაწინაურდა.


ინგლისელები თვლიან, რომ ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო და მანე დასარტყმელ პოზიციაზე რჩებოდა.

„მატჩის შემდეგ მსაჯს ვუთხარი, რომ სადიოს მომენტში ის არასწორად მოიქცა. ჩვენ თამაში არბიტრის გამო არ წაგვიგია, უბრალოდ ასეთ მატჩებში შენ ნორმალური მსაჯი გჭირდება“. - თქვა კლოპმა თამაშის შემდეგ.

BT Sport-ის ექსპერტი და „ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშე პიტერ კრაუჩი მანე-ვასკესის ეპიზოდში მიიჩნევს, რომ დარღვევა აშკარა იყო:

„ეს 100%-იანი ჯარიმაა. ვასკესი ამ მომენტში ბურთს საერთოდ არ უყურებდა. ეს დარღვევა მოედნის ნებისმიერ წერტილში ჯარიმად ფასდება“.

ფაქტია, რომ ვიდეო რეფერის მხრიდან ამ მომენტის განხილვა არ მოხდა. შესაძლოა მალევე გასულმა გოლმა ეს ეპიზოდი გადაფარა და მსაჯმაც ყურადღება მეტად აღარ გაამახვილა.

ბელინჰემი-ედერსონის მომენტი

რაც შეეხება „სიტი“ – „დორტმუნდის“ დაპირისპირებაში მომხდარ საკამათო ეპიზოდს. 37-ე წუთზე, როცა მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, ბელინჰემი ერთი-ერთზე დარჩა, თუმცა ედერსონი კარიდან გამოვიდა და ბურთზე პირველმა ითამაშა, მაგრამ ბრაზილიელი მეკარე შეცდა, მას ერთი შეხებით უნდა მოეგერიებინა. 17 წლის ინგლისელმა შემტევმა დაასწრო, რასაც გოლი მოჰყვა.

მსაჯმა ამ მომენტში ბელინჰემი დამნაშავედ სცნო და გოლი გააუქმა, თუმცა რამდენად სწორი იყო არბიტრის გადაწყვეტილება? მისი სასტვენი ზედმეტად ადრე გაისმა. ასეთ დროს, არბიტრი ფეხბურთელებს მომენტის დასრულებას აცდის ხოლმე და სიტუაციას ამის შემდეგ აფასებს.


გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ ბელინჰემმა ედერსონს ბურთი სუფთად აართვა, მას არც კი შეხებია. დიახ, მოძრაობა შესაძლოა უხეშთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა მეკარე ამ მომენტში საჯარიმოს გარეთ იყო გამოსული და ასეთი ორთაბრძოლები მოედანზე ყველა მატჩში არის ხოლმე.

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ბურთი სამართლიანად მოვიგე. ყველაფერი რაც მითხრეს იყო ის, რომ წესები დავარღვიე და გაფრთხილება მომცეს“. - თქვა მატჩის შემდეგ ბელინჰემმა.

BT Sport-ის ეთერში საკამათო ეპიზოდი ოუენ ჰარგრივზმაც გარჩია და მსაჯის გადაწყვეტილების მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა: „არბიტრმა სასტვენი ძალიან ადრე მისცა. ბელინჰემმა ბურთზე პირველმა ითამაშა, მან დაასწრო და თუ ვინმე წესს არღვევდა, ეს ედერსონი იყო“.

VAR-ი იდეალური არ არის, თუმცა საჭიროა

მიუხედავად ვიდეო რეფერის არსებობისა, მსგავსი საკამათო მომენტები ფეხბურთში მაინც მრავლად არის, თუმცა VAR-მა ასევე ბევრი რამ დაალაგა კიდეც.

სანაკრებო პაუზის დროს ვიდეო რეფერის გარეშე ჩატარებულმა მატჩებმა გვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს VAR-ის არსებობას. მხოლოდ რონალდუს არჩათვლილი გოლის მომენტი რად ღირს...

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში