Aa Aa
31 მარტი 2021  |  10:18

"დოროყაშვილმა დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ორი მოწმე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც შემთხვევის დღეს, 2020 წლის 21 მაისს ადგილზე გამოიძახეს. მოწმეებმა დაზარალებულ ნელი დოროყაშვილთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენეს.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები, ამასთან პროცესს დისტანციურად ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

დღეს დაკითხული არცერთი მოწმე ცალსახად არ მიუთითებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელდა ძალადობრივი ქმედება, ვინაიდან, ისინი არ ყოფილან მომხდარი ფაქტის შემსწრენი. მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით, ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა. ექიმის ჩვენებიდან ცალსახად დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან 2020 წლის 21 მაისს არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. თითოეული სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ დგინდება ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა.ბრალდების მხარეს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოწმის სახით გამოიძახოს ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც კი ექნება შესაძლებლობა, ჩამოვა და დარბაზში დაესწრება საქმის არსებით განხილვას. სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დადასტურდება მისი უდანაშაულობა” - აღნიშნა ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ. 

შემდეგი სხდომა 19 აპრილს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში