Aa
Aa

ნიქსი ოლ სტარს დადებითი ბალანსით ხვდება - რენდლმა რეკორდი დაამყარა

„ნიუ იორკ ნიქსმა“ მიმდინარე სეზონში მე-19 გამარჯვება იზეიმა და საკუთარ კედლებში „დეტროიტ პისტონსს“ - 114-104 სძლია. „ნიქსი“ ყველა ვარსკვლავის მატჩით გამოწვეულ პაუზას მოგება-წაგების დადებითი ბალანსით ხვდება, რაც 2012-13 წლების რეგულარულის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

„ნიუ იორკის“ წარმატებული სვლის მთავარი სულისჩამდგმელი ჯულიუს რენდლი გახლავთ, რომელმაც „დეტროიტთან“ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „პისტონსთან“ შეხვედრაში იგი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 27 ქულა, 16 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

რენდლი „ნიქსის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც „ოლ სტარის“ პაუზამდე გამართულ მატჩებში სულ მცირე 800 ქულა, 400 მოხსნა და 200 ასისტი გაიფორმა. ამასთან, 1983 წლის შემდეგ, რენდლი „ნიქსის“ მაისურით მოასპარეზე ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც სეზონში მინიმუმ 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა სულ მცირე 10-ჯერ მიითვალა.

ცნობისთვის, ტიბოდოს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრა 12 მარტს, ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტთან, „მილუოკი ბაქსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები