Aa
Aa

გოგას კვლავ ცოტა დრო დაუთმეს - ბითაძის ინდიანამ გოლდენ სტეიტთან წააგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ მიმდინარე რეგულარულში მე-15-ედ დამარცხდა. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა და 107-111 წააგო.

„პეისერსის“ მთავარ მწვრთნელს, ნეით ბიორკგრენს ბითაძისთვის ბევრი სათამაშო დრო არც ამჯერად მიუცია. გოგამ პარკეტზე მხოლოდ 2 წუთი და 42 წამი გაატარა და გასაკვირი არაა, რომ თავი ვერ გამოიჩინა.

ბითაძემ მეტოქის კალათს ერთხელ შეუტია, მაგრამ მისი ლეიაპი არაზუსტი აღმოჩნდა. 21 წლის ცენტრს არც მოხსნა და შედეგიანი გადაცემა ჰქონია და ერთადერთი პერსონალური ჯარიმის მიღება მოასწრო.

საინტერესოა, რომ სტეფ კარის ცუდი მატჩის მიუხედავად, „გოლდენ სტეიტმა“ მაინც იმარჯვა. კარიმ 24 ქულა დააგროვა, მაგრამ 11-დან 1 სამქულიანი და 21-დან 7 ბურთი ჩააგდო. სამაგიეროდ, 10-ქულიანი ნიშნული სტეფის გარდა, კიდევ 5-მა კალათბურთელმა გადალახა. კელი უბრე ჯუნიორმა 17 ქულა გაიფორმა, დრეიმონდ გრინმა აქტივში 12 ქულა, 9 მოხსნა და 11 ასისტი ჩაიწერა. უიგინსმა 15 ქულა მიითვალა, პასკალი და უაიზმენი კი 13 და 11 ქულას დასჯერდნენ.

„ინდიანას“ 24 ქულით მალკოლმ ბროგდონმა ულიდერა. დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი გააკეთა და მატჩი 22 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა. დაგ მაკდერმოტმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო მაილს ტერნერი 14 ქულით გამოირჩა.

„ინდიანას ანგარიშზე 15 მოგება და ამდენივე წაგებაა და „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4-ეა. ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 27 თებერვალს ელის და „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები