Aa
Aa

მეოთხე კვირის საუკეთესო კალათბურთელები - NBA-მ ლილარდი და დურანტი გამოარჩია

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ მიმდინარე რეგულარულის მეოთხე კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. NBA-მ დასავლეთ კონფერენციაში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ გამთამაშებელი, დემიენ ლილარდი, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბრუკლინ ნეთსის“ სუპერვარსკვლავი, კევინ დურანტი გამოარჩია.

ლილარდის წყალობით „პორტლენდმა“ 4-დან 3 შეხვედრა მოიგო და „საკრამენტოს“, „ატლანტასა“ და „ტორონტოს“ სძლია. „დეიმ დოლა“ საშუალოდ 30.3 ქულას, 7.3 შედეგიან გადაცემასა და 5.3 მოხსნას აგროვებდა. „საკრამენტოსთან“ მატჩში მან 40-ქულიანი ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო „ატლანტასთან“ 36 ქულას, 7 მოხსნასა და ამდენივე ასისტს დასჯერდა.

ლილარდისგან განსხვავებით, კევინ დურანტის „ბრუკლინმა“ სამივე შეხვედრა მოიგო და „დენვერი“, „ნიუ იორკი“ და „ორლანდო“ დაამარცხა. „კეიდი“ სამივე დაპირისპირებაში საკმაოდ პროდუქტიული იყო და საშუალოდ 34 ქულას, 5.3 მოხსნასა და 8 ასისტს აკეთებდა, პარკეტიდან კი 61.3 პროცენტით უტევდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას საკალათბურთო ასოციაციამ „დალას მავერიქსის“ კალათბურთელი, ლუკა დონჩიჩი და „ბოსტონ სელტიქსის“ ახალგაზრდა ლიდერი, ჯეისონ ტეიტუმი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები