Aa
Aa

„კარგი სამიანი აქვს და შესანიშნავი მეპასეა" - ვილანოვას მწვრთნელი მამუს აქებს

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლს“ მიმდინარე სეზონში რიგით მე-15 შეხვედრა თბილისის დროით, 17 იანვარს „ქსავიერის“ წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ ეს მატჩი გადაიდო. Big East-ის კონფერენციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, „ქსავიერს“ კორონავირუსთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და „მეკობრეების“ მომდევნო მეტოქე „ვილანოვა“ იქნება.

„სეტონ ჰოლი“ „ვილანოვას“, რომელსაც ამ გათამაშებაში Covid-19-ის გამო იძულებითი პაუზის აღება 3-ჯერ მოუწია და 23 დეკემბერის შემდეგ არ უთამაშია, 20 იანვარს, თბილისის დროით 06:00-ზე დაუპირისპირდება. მატჩამდე „ვილანოვას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი რაითმა „სეტონ ჰოლის“ შესახებ ისაუბრა და „მეკობრეების“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი გამოარჩია.

„იშვიათად შეხვდები სანდროსნაირ ბიჭებს, რომლებსაც ასეთი გაბარიტები აქვთ, პერიმეტრზე თამაშობენ და შეუძლიათ, გვერდი სწრაფად აგიარონ. მას დრიბლინგით მეტოქეების ჩამოტოვება შეუძლია, კარგი სამიანი აქვს და შესანიშნავი მეპასეა“.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონს ჩინებულად ატარებს და საშუალოდ 18.1 ქულას, 6.9 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.2 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები