ლაპორტა:
Aa
Aa

ლაპორტა: "რონალდუს ყიდვა შემეძლო, არ ვიყიდე და არც ვნანობ!"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატმა ხუან ლაპორტამ ესპანურ მედიასთან საუბრისას საინტერესო ამბავი გაიხსენა. ლაპორტას თქმით ერთ დროს მას კრიშტიანუს ყიდვა შეეძლო, თუმცა არ იყიდა და ამას არ ნანობს.

"იმ დროს, როდესაც კრიშტიანუ "სპორტინგში" თამაშობდა მისი ყიდვა შეგვეძლო. არ ვიყიდე და ამას არ ვნანობ. მის ნაცვლად ჩვენ რონალდინიო და რაფა მერკესი მოვიყვანეთ.

პორტუგალიელის აგენტმა გვითხრა, რომ მას ჰყავდა ფეხბურთელი, რომელსაც "იუნატედში" 19 მილიონად უპირებდნენ გაყიდვას, მაგრამ საბოლოოოდ რონალდუ 17 მილიონ ევროდ გაიყიდა.

როგორც გითხარით, იმ დროს რონალდინიოზე გავაკეთეთ აქცენტი, რადგან ის რონალდუსგან განსხვავებით ცენტრშიც თამაშობდა, კრიშტიანუ კი გამოკვეთილად ფლანგის ფეხბურთელი იყო." - განაცხადა ლაპორტამ

შეგახსენებთ, რომ ხუან ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი 2003 წლიდან 2010 წლის ჩათვლით იყო. ახლა კი ესპანელი ბიზნესმენი კვლავ იყრის კენჭს და წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ხუანს აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა. ცნობისთვის, პრეზიდენტობისთვის ხუან ლაპორტას გარდა ვიქტორ პონტი, ტონი ფრეიშა და ემილი რუსაუდი იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები