მწვრთნელს სოციალური ქსელი არ აქვს, ფსიქოლოგი კი პილოტია - ბოდო გლიმტის ზღაპრული ისტორია
"ბოდო გლიმტი" 1916 წელს დაარსებული ნორვეგიული კლუბია, რომელმაც სახელი 2020 წელს გაითქვა. ნორვეგიაში მათზე მხოლოდ დადებითს თუ გაიგებთ. ამ გუნდით ყველა აღფრთოვანებულია.
კნატსენის გაწვრთნილმა შეგირდებმა მიმდინარე სეზონში ტრიუმფალური ჩემპიონობა მოიპოვეს. კლუბი ლამაზ და ლაღ ფეხბურთს თამაშობს. ხშირად ნახავდით მათ მიერ დიდი ანგარიშით მოგებულ მატჩს. მაგალითად 7:0 "აალესუნდთან"
"გლიმტმა" 28 ტურის შემდეგ 75 ქულა დააგროვა. სახლში 14 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. ნორვეგიელებმა 96 გოლი გაიტანეს და 32 გაუშვეს. ამ გუნდის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი შეტევაა. ნორვეგიაში ამბობენ, რომ ქვეყანას ასეთი ძლიერი ჩემპიონი არასდროს ჰყოლია, თანაც ეს იმის ფონზე, რომ მათი ბიუჯეტი სკანდინავიაში მხოლოდ მეათეა.
"ბოდო გლიმტში" ფეხბურთელის მაქსიმალური ასაკი 29 წელია. ნახევარზე მეტი კი აკადემიის აღზრდილია. 2017 წელს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გუნდში ახალი ფსიქოლოგი დაინიშნა სახელად ბიორნ მაანსვერკი. საინტერესო ის გახლავთ, რომ მას საფეხბურთო გამოცდილება არ ჰქონდა და პროფესიით პილოტი იყო.
მისი სამუშაოს საუკეთსო მხარე ფეხბურთელებთან ურთიერთობა იყო. ბიორნი მათ არაფერს აიძულებდა და საშუალებას აძლევდა გამოეხატათ რა აწუხებდათ, რა უხაროდათ და ა.შ. მაანსვერკი მოთამაშეებს გამარჯვებას არ თხოვდა, რადგან ეს დამატებითი წნეხი იქნებოდა. ის მხოლოდ შემოქმედებას და მრავალფეროვნებას ითხოვდა, რამაც საბოლოო შედეგი გამოიღო და ეს მთელმა მსოფლიომ ნახა.
გუნდის ჩამშლელმა ნახევარმცველმა პატრიკ ბერგმა ბიორნზე ისაუბრა: "ჩვენ მასთან გახსნილები ვართ და ისეთ რაღაცებზე ვსაუბრობთ, რაზეც სხვა კლუბებში არ საუბრობენ. ის ჩვენი უფროსი მეგობარია."
ცოტა რამ ნორვეგიაში ფეხბურთის დამოკიდებულებაზე. "ბოდო გლიმტი" ზღვისპირა ქალაქში მდებარეობს და ცენტრისგან დიდი მანძილით არის დაშორებული. ამ მიზეზის გამო 1971 წლამდე ჩრდილოეთის გუნდები მთავარ დივიზიონში არ მონაწილეობდნენ. სამხრეთში ფიქრობდნენ, რომ ჩრდილოელები სუსტები იყვნენ და ცუდ ფეხბურთს თამაშობდნენ. მათი საქმე მხოლოდ ფერმერობა და თევზაობა უნდა ყოფილიყო. 1975 წელს "გლიმტმა" ნორვეგიის თასი მოიგო და ამით სამხრეთელები გააჩუმა.
გადავიდეთ მთავარ მწვრთნელზე. კიეტილ კნატსენი შეტევის მოყვარული მწვრთნელია. მისი ტაქტიკა 4-3-3 გახლავთ და დაცვაში არასდროს დგება. ეს მის შედეგებზეც კარგად ჩანს. უცნაურია, მაგრამ კიეტილს სოციალური ქსელები არ გააჩნია. "არ მიყვარს სოციალური ქსელები, ეს ჩემს ძვირფას დროს მაკარგინებს. ხანდახან თავს მარტოსულად ვგრძნობ, მაგრამ თუ საქმეში 100%-ით ჩართული არ ხარ შედეგი არ იქნება." - ასე ახსნა კნატსნმა სოციალური ქსელის არ ქონა.
მიმდინარე წელს "გლიმტმა" რეკორდული ტრანსფერი განახორციელა. ნორვეგიული კლუბიდან "მილანში" პეტერ ჰაუგი 5 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "მილანი" და "ბოდო გლიმტი" ერთმანეთს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ და ნორვეგიულმა კლუბმა უდიდესი წინააღმდეგობა გასწია. მეტსაც გეტყვით, კნატსენის შეგირდები მე-15 წუთისთვის შეხვედრას იგებდნენ, მაგრამ "როსონერიმ" გამოცდილების ხარჯზე ზედიზედ სამი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ნორვეგიულმა გუნდმა 1 ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე გოლი ჰაუგმა გაიტანა, რომელიც, როგორც უკვე გითხარით შემდეგ "მილანს" შეუერთდა. საბოლოოდ მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დასრულდა.
დავუბრუნდეთ ნორვეგიის ჩემპიონატს. ჩემპიონობის შემდეგ გუნდის ჩამშლელმა ნახევარმცველმა პატრიკ ბერგმა განაცხადა: "არგრესიას და გაბრაზებას ყოველთვის ვგრძნობდი და ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. გამარჯვება მუდამ მსურდა." - ბერგისთვის "გლიმიტი" უბრალოდ სათამაშო გუნდს არ წარმოადგენს. მისი შთამომავლები, სწორედ ამ კლუბში თამაშობდნენ და მას ეშინოდა, რომ ლეგენდარული ნათესავების ფონზე წარუმატებელი იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ბერგი ნორვეგიის ჩემპიონი გახდა.
ულრიკ სალტნესი გუნდის კაპიტანი გახლავთ, რომელსაც უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ულრიკს მუცლის ტკივილები და კრუნჩხვები აწუხებდა, რის გამოც საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 2017 წელს დანიშნულმა ფსიქოლოგმა ბიორნ მაანსვერკმა მასთან შესანიშნავი სამუშაო გასწია და ყველანაირი პრობლემა დააძლევინა.
"ბოდო გლიმტმა" ნორვეგიის ჩემპიონატი მეორე ადგილზე ისტორიაში 4-ჯერ დაასრულა და 2020 წელს კი ჩემპიონი გახდა. ეს გუნდი წინ მიიწევს და ნორვეგიული ფეხბურთის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს.
"გლიმტში" პატარა ბიჭები თამაშობენ, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ. მათ უკვე აალაპარაკეს მთელი ქვეყანა და ყველაფერი წინ აქვთ..