Aa
Aa

„სულელური განცხადებების გამო ჩემთან ჩხუბის შანსს ვეღარასდროს მიიღებს" - ფიური უაილდერზე

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერის შესახებ ისაუბრა. ბრიტანელი მოკრივე უაილდერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეონტეი მასთან ჩხუბის შანსს ვეღარ მიიღებს.

„მგონი, უაილდერი გაგიჟდა. თავდაპირველად მან ყველაფერი კოსტუმს დააბრალა, შემდეგ კუნთის ტრავმა მოიმიზეზა, შემდეგ ირწმუნებოდა, რომ მისი მწვრთნელი ჩვენი გუნდის წევრი გახლდათ, შემდეგ თქვა, რომ მსაჯი მის წინააღმდეგ იყო, შემდეგ განაცხადა, რომ ხელთათმანები ხელოვნურად მქონდა დამძიმებული, ახლა კი ამბობს, რომ მის წყალში რაღაც გაურიეს. უაილდერმა ამ სისულელეებით ჩემი იმიჯისა და პიროვნების განადგურება სცადა და მასთან ყველაფერი დასრულებულია. ამ სიტყვების გამო ის ჩემ წინააღმდეგ ჩხუბის შანსს ვეღარასდროს მიიღებს.

მესამე ბრძოლას რაც შეეხება, თავდაპირველად რინგზე 27 ივლისს უნდა გავსულიყავით, მაგრამ უაილდერმა ტრავმა მიიღო და ჩხუბი გადაიდო. მოგვიანებით, ბრძოლის თარიღად 18 ოქტომბერი დასახელდა, მაგრამ მაშინაც არაფერი გამოვიდა, რადგან მისი წარმომადგენლები ცდილობდნენ, ეპოვათ ღონისძიების ჩატარების ადგილი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა. მორიგი ფიასკოს შემდეგ, 3 თარიღი შემომთავაზეს. 5, 12 და 19 დეკემბერი. სამივეზე თანხმობა განვაცხადე, თუმცა ყველაფერი იმავე სცენარით განვითარდა და სამუდამოდ ლოდინს ნამდვილად არ ვაპირებ.

ყველა მიღებულ წინადადებასა და თარიღს დავთანხმდი და მზად ვიყავი, ნებისმიერ დღეს მეჩხუბა, მაგრამ ვითარება არ შეიცვალა და ახლა ყველაფერი დასრულებულია. როგორც უკვე აღვნიშნე, დეონტეი მის მიერ ნათქვამი სისულელეების გამო ჩემთან ჩხუბის შანსს ვეღარასდროს მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის პირველი შერკინება ფრედ დასრულდა. მეორე ბრძოლაში კი „ბოშათა მეფემ“ ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები