Aa
Aa

მეხუთე ტრიუმფი - რუბლიოვმა შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა

ანდრეი რუბლიოვმა 2020 წლის სეზონში მეხუთე ტურნირი მოიგო და შემაჯამებელ ტურნირზე თამაში ოფიციალურად გაინაღდა.

რუსმა ჩოგბურთელმა ვენის 500-იან ტურნირზე გაიმარჯვა და მიმდინარე სეზონში მოგებული ტიტულებით ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო. აქამდე ორივე ამ მოთამაშეს 4 ტურნირი ჰქონდა მოგებული, ამიერიდან საუკეთესო კი რობლიოვია.

ახალგაზრდა რუსმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელ ლორენცო სონეგოს 6:4; 6:4-ით აჯობა, კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა, წლის შემაჯამებელ ტურნირზე კი პირველად ითამაშებს.

რუბლიოვს სეზონის რესტარტის შემდეგ შესანიშნავი სვლა აქვს და ვენაში გაჩემპიონებამდე ჰამბურგსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმარჯვა. მან ავსტრიაში საუკეთესო თამაშისთვის 105 340 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა მიიღო.

რუბლიოვი 2009 წლის შემდეგ პირველი რუსი ჩოგბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში 5 ტურნირი მოიგო. მაშინ ეს გააკეთა ნიკოლაი დავიდენკომ, რომელმაც 22 ტურნირზე ითამაშა, ანდრეიმ კი წელს მხოლოდ 12 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ ლონდონში გასამართი წლის შემაჯამებელი ტურნირი 15-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები