აზარი დაბრუნდა - ბელგიელი გლადბახს შეუტევს!
Aa
Aa

აზარი დაბრუნდა - ბელგიელი გლადბახს შეუტევს!

დღეს მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურისთვის 21 კაციანი განაცხადი დაასახელა. ყველასთვის მოულოდნელად შემადგენლობაში ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარის გვარი გამოჩნდა.

29 წლის შემტევმა დაზიანება ვადაზე ადრე მოიშუშა და ახლა ის სრულ მზადყოფნაშია. აღსანიშნავია, რომ ედენს მიმდინარე სეზონში არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა დაზიანება 1 სექტემბერს მიიღო და ამის გამო მან 27 დღე გამოტოვა.

ამის შემდეგ აზარმა ვარჯიში განაახლა და ზინედინ ზიდანის თქმით მინდორს სულ მალე უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ვარჯიშზე კიდევ ერთი ტრავმა მიიღო და ამჯერად 30 დღის გამოტოვება მოუწია. საბოლოო ჯამში ედენმა მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

იმ შემთხვევაში თუ ზიდანი მას "გლადბახთან" გამოიყენებს, ბელგიელისთვის ეს პირველი შეხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი მადრიდის "რეალში" 2019 წელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები