Aa Aa
9 ოქტომბერი 2020  |  10:12

ახალი ჩემპიონი ახალი თაობიდან - გაროსის ტიტულს კენინი და შვიონტეკი გაითამაშებენ

„როლან გაროსის“ 2020 წლის გათამაშება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქალთა ჩოგბურთში ძლიერი ახალი თაობა მოდის. ტურნირის ფინალში სოფია კენინი და იგა შვიონტეკი გავიდნენ.

კენინმა გამოცდილ ჩეხ პეტრა კვიტოვას დაძაბულ ორსეტიან ბრძოლაში აჯობა და დიდი სლემის ტურნირების ფინალში - მეორედ, კონკრეტულად „როლან გაროსის“ ფინალში კი პირველად ითამაშებს.

ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილმა კენინმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და მეორე პარტიაშიც ბრეიკით იგებდა, მაგრამ მატჩზე ჩაწოდებებისას გეიმი დაკარგა და საქმე გაირთულა. თუმცა, ამერიკელმა კვიტოვას მოწოდება შემდეგ გეიმშივე აიღო და მატჩზე მეორედ უკვე წარმატებულად ჩააწოდა - 6:4; 7:5.

კენინმა იანვარში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, მთლიანობაში მიმდინარე სეზონში დიდი სლემის ტურნირებზე კი 16 გამარჯვება 1 მარცხი აქვს. 21 წლის ამერიკელი კარიერაში მე-2 დიდი სლემის ტურნირის მოგებას შაბათს შეეცდება.

მას ფინალში მეტოქედ თინეიჯერი პოლონელი, იგა შვიონტეკი ჰყავს. 19 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალში პირველად თამაშობდა, მიმდინარე გათამაშების მთავარ აღმოჩენას, არგენტინელ ნადია პოდოროსკას იოლად აჯობა.

მსოფლიოს 131-ე ჩოგანმა პოდოროსკამ 1/2 ფინალამდე სენსაციურად მიაღწია, იქ კი შვიონტეკთან ძალა აღარ ეყო და 2:6; 1:6 განადგურდა. შვიონტეკი ღია ერაში პირველი პოლონელი ქალია, რომელიც „როლან გაროსის“ ფინალში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ შვიონტეკი წყვილთა ტურნირზე 1/2 ფინალშია გასული და დღეს თავის პარტნიორ ნიკოლ მელიჩართან ერთად გუარახისა და კრაუჩიკის დუეტს ფინალის საგზურისთვის შეებრძოლება.

„როლან გაროსის“ ქალთა ერთეულთა თანრიგის ახალი ჩემპიონი შაბათს გასამართი მატჩით გამოვლინდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში