Aa
Aa

"სულ ასე იქცევა და ვიცოდი, ტაიმ-აუტს დღესაც აიღებდა" - ბუსტა ჯოკოვიჩზე გაბრაზდა

„როლან გაროსის“ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა პაბლო კარენო ბუსტა 4-სეტიან ბრძოლაში დაამარცხა და ამ ტურნირის 1/2 ფინალში კარიერაში მე-10-ედ ითამაშებს.

„ნოლემ“ პირველი პარტია წააგო და მატჩი ამის შემდეგ შეატრიალა, ერთ-ერთ რთულ მომენტში კი სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო. კარენო ბუსტამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სერბი ვარსკვლავი ტაიმ-აუტს იღებს მაშინ, როცა აგებს და ვითარების გამოსწორება სჭირდება.

„არ ვიცი, ჰქონდა თუ არა მას ტკივილი რეალურად, ეს მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მგონი, ბოლო წლების განმავლობაში რთულ მომენტებში ტაიმ-აუტს ხშირად იღებს. როცა კორტზე პრობლემები აქვს და რთულ ვითარებაშია, სამედიცინო დახმარებას ითხოვს.

იგი ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს. ვიცოდი, რომ US Open-ზე ჩვენი მატჩისას ასე იზამდა, ვიცოდი, რომ დღესაც ეს მოხდებოდა და მომავალშიც მოხდება. ვფიქრობ, შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას ვფლობდი და ეს თამაში მეორე სეტშიც გავაგრძელე, მაგრამ მან სამედიცინო შესვენება აიღო და ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა“.

კარენო ბუსტას ამ განცხადებას საჩოგბურთო წრეებში გამოხმაურება აუცილებლად მოჰყვება. ისე კი, ჟურნალისტებთან საუბრისას ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მარცხენა ხელისა და ზურგის არეში ტკივილები აქვს და თამაში დროებით სწორედ ამიტომ შეაჩერა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი „როლან გაროსის“ 1/2 ფინალში სტეფანოს ციციპასს შეხვდება. ბერძენი ტალანტი, რომელმაც ანდრეი რუბლიოვს 3 სეტში მოუგო, პარიზში ამ ეტაპზე პირველად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები