Aa
Aa

ნოლემ ქომაგებს მიმართა - „გთხოვთ, მსაჯის მიმართ თანადგომა და მზრუნველობა გამოიჩინეთ"

ATP-ის რეიტინგის პირველმა ნომერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, სოციალურ ქსელში ქომაგებს მიმართა და მათ ხაზის არბიტრის, ლაურა კლარკის მიმართ პატივისცემის გამოხატვისკენ მოუწოდა.

სერბმა ჩოგბურთელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „ძვირფასო გულშემატკივრებო, მადლობა პოზიტიური წერილებისთვის. გახსოვდეთ, რომ მხარდაჭერა მსაჯსაც სჭირდება, რომელსაც ბურთი მოხვდა. მას საერთოდ არაფერი დაუშავებია. გთხოვთ, რომ მის მიმართ თანადგომა გამოხატოთ და მზრუნველობა გამოიჩინოთ. ასეთი მომენტები გაზრდაში და უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ყველას სიყვარულს გიგზავნით. ევროპა, მე მოვდივარ“.

ჯოკოვიჩის პოსტი მისი გულშემატკივრების ქმედებების გამოხმაურება გახლდათ, რომლებმაც ზემოთ ხსენებული არბიტრის, ლაურა კლარკის „ინსტაგრამ“ გვერდი აღმოაჩინეს და მას შეურაცხმყოფელი და სიკვდილის მუქარის შემცველი წერილები გაუგზავნეს. სერბი ჩოგბურთელის ქომაგებმა კომენტარები 2011 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ თითქმის ყველა პოსტზე დატოვეს და ლაურას „ავადმყოფი“ და „ალკოჰოლზე დამოკიდებული“ უწოდეს.

როგორც მოგეხსენებათ, „ნოლემ“ US Open-ის 1/8 ფინალური მატჩისას მსაჯს ბურთი ყელის არეში მოარტყა. არბიტრი დაეცა და სუნთქვა შეეკრა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ჯოკოვიჩმა კი დისკვალიფიკაცია მიიღო და დაგროვებული ქულები და ფულადი ჯილდო ჩამოართვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები