10 ყველაზე შოკისმომგვრელი ნოკაუტი მძიმე წონით დივიზიონში
Aa
Aa

10 ყველაზე შოკისმომგვრელი ნოკაუტი მძიმე წონით დივიზიონში

ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა მძიმე წონით დივიზიონში დაფიქსირებული 10 ყველაზე შოკისმომგვრელი ნოკაუტი დაასახელა. The Sun-ს რეიტინგის შედგენისკენ დილიან უაითის სენსაციურმა მარცხმა უბიძგა, რომელმაც ალექსანდრ პოვეტკინთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

10 - მუჰამედ ალი სონი ლისტონის წინააღმდეგ, პირველი ბრძოლა

1964 წელს მუჰამედ ალი, რომელიც მაშინ კასიუს კლეის სახელით იყო ცნობილი, სონი ლისტონს დაუპირისპირდა. ბუკმეიკერები ფავორიტად საჩემპიონო ქამრების მფლობელ ლისტონს მოიაზრებდნენ და მის მეტოქეს გამარჯვებაზე 8 კოეფიციენტს აძლევდნენ.

ალის აუტსაიდერის სტატუსი არაფრად ჩაუგდია და თავისი ერთ-ერთი მთავარი კოზირი გამოიყენა. კრივის ლეგენდამ ლისტონის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომი დაიწყო, რისთვისაც სონი მზად არ აღმოჩნდა და რინგზე გასვლამდე ალიმ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. ბრძოლას რაც შეეხება, კლეი დომინირებდა და კრივის ქომაგთა გაოცება არ გასჭირვებია.

9 - ტაისონ ფიური დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ, მეორე ბრძოლა

ტაისონ ფიური უაილდერთან რემატჩის წინ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა კრივი, რომელიც ბრიტანელმა აჩვენა, ამ სიაში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებს.

„ბოშათა მეფემ“ თანამედროვეობის ყველაზე მრისხანე მოკრივე უშანსოდ გაანადგურა და დეონტეი უაილდერს კრივში ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა, რისი წყალობითაც, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის სტატუსი დაისაკუთრა.

8 - ჯო ლუისი მაქს შმელინგის წინააღმდეგ, მეორე ბრძოლა

ჯო ლუისისა და მაქს შმელინგის დაპირისპირებას უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. შმელინგს, რომელმაც 1936 წელს ლუისი მე-12 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა, ნაცისტური გერმანია საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებდა.

იგი უძლეველი გერმანიის სიმბოლო იყო, თუმცა 1938 წლის 22 ივნისს ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს გერმანელი მოკრივე ჯო ლუისს კიდევ ერთხელ შეერკინა და უშანსოდ დამარცხდა. ლუისს შმელინგის დასანოკაუტებლად 2 წუთი და 4 წამი ეყო.

7 - ლეიმონ ბრიუსტერი ვლადიმირ კლიჩკოს წინააღმდეგ, პირველი ბრძოლა

ლეიმონ ბრიუსტერთან დაპირისპირებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, კლიჩკო კორი სანდერსთან დამარცხდა, თუმცა თითქმის არავინ იყო, ვისაც სჯეროდა, რომ ბრიუსტერი სამხრეთ აფრიკელი მოკრივის მიღწევას გაიმეორებდა.

ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკელის მთავარი მწვრთნელი, ბილ სლეიტონი გარდაიცვალა და ეს ლეიმონის შთაგონების წყაროდ იქცა.

კლიჩკომ საწყისი რაუნდები ჩვეულ სტილში ჩაატარა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა მეხუთე რაუნდში ნოკდაუნში აღმოჩნდა. უკრაინელმა წამოდგომა მოახერხა, მაგრამ მსაჯმა ბრძოლა შეწყვიტა და გამარჯვებულად ბრიუსტერი გამოაცხადა. ამ უკანასკნელმა ტრიუმფი თავის ყოფილ მწვრთნელს, ბილ სლეიტონს მიუძღვნა.

6 - ოლივერ მაკკოლი ლენოქს ლუისის წინააღმდეგ

ლენოქს ლუისი რიდიკ ბოუისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და შეთანხმებასაც მიაღწია, როცა შეატყობინეს, რომ მისი მომდევნო მეტოქე არც თუ ისე ცნობილი ოლივერ მაკკოლი იქნებოდა.

ამერიკელს იმ მომენტში 24 გამარჯვება და 5 მარცხი ჰქონდა და მისი არავის სჯეროდა. მაკკოლმა კრივის გულშემატკივრები შოკში ჩააგდო და ლენოქს ლუისის დასამარცხებლად სულ რაღაც 2 რაუნდი დასჭირდა. ოლივერთან წაგების გამო რიდიკ ბოუისთან ბრძოლა გადაიდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლუისმა რევანში აიღო და 2 წლის შემდეგ მაკკოლი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

5 - მუჰამედ ალი ჯორჯ ფორმანის წინააღმდეგ

მუჰამედ ალი ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ ითვლება, მაგრამ 1974 წლის 30 ოქტომბერს გამართულ ბრძოლას, რომელიც „ქუხილი ჯუნგლებში“-ის სახელითაა ცნობილი, აუტსაიდერის სტატუსით შეხვდა.

ალის ჯორჯ ფორმანის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, რომელიც დაუმარცხებელი იყო და კენ ნორტონი, ჯო ფრეიზერი და ხოსე რომანი გაანადგურა. ბუკმეიკერები ლეგენდარულ მოკრივეს გამარჯვებაზე 6 კოეფიციენტს აძლევდნენ, მაგრამ ალიმ თავისი გენიალურობა კიდევ ერთხელ გამოავლინა და მერვე რაუნდში საოცარი გამარჯვება მოიპოვა.

4 - ინგემარ იოჰანსონი ფლოიდ პატერსონის წინააღმდეგ, პირველი ბრძოლა

საჩემპიონო ქამრის მფლობელ ფლოიდ პატერსონს ინგემარ იოჰანსონის წინააღმდეგ იოლი გასეირნება უნდა ჰქონოდა... შვედი მოკრივე აშკარა აუტსაიდერი გახლდათ და ექსპერტთა აზრით, უშანსოდ იყო, თუმცა იოჰანსონმა დაამტკიცა, რომ კრივში ყველაფერი ხდება.

მან პატერსონი 7-ჯერ დაანოკდაუნა და მსაჯი, რუბი გოლდშტაინი იძულებული გახდა მესამე რაუნდში ბრძოლა შეეწყვიტა. იოჰანსონმა ტექნიკური ნოკაუტი გაიფორმა და ნამდვილ გმირად იქცა.

3 - ჰასიმ რაჰმანი ლენოქს ლუისის წინააღმდეგ პირველი ბრძოლა

2001 წლის 22 აპრილს კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია მოხდა. სამხრეთ აფრიკაში ჰასიმ რაჰმანმა, რომელსაც ბუკმეიკერები გამარჯვებაზე 21 კოეფიციენტს აძლევდნენ, მსოფლიო ჩემპიონი ლენოქს ლუისი დაამარცხა.

რაჰმანის მიერ მარჯვენა ხელით განხორციელებულმა დარტყმამ ლუისი ნოკაუტში, ხოლო მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.

2 - ენდი რუის ჯუნიორი ენტონი ჯოშუა

2019 წლის 1-ელ ივნისს პუტკუნა ენდიმ კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო. მან მანამდე დაუმარცხებელ ენტონი ჯოშუას ტექნიკური ნოკაუტით სძლია და კრივის ისტორიაში ახალი თავი, სახელად „პირველი მექსიკელი მძიმეწონოსანი ჩემპიონი" დაწერა.

ენდი რუის ჯუნიორი უბრალო აუტსაიდერი არ ყოფილა. მისი აბსოლუტურად არავის სჯეროდა! იყო პერიოდი, როცა ბუკმეიკერები მას გამარჯვებაზე 31 კოეფიციენტს აძლევდნენ. ტაისონ ფიურიმ ის ერთ-ერთი ანიმაციური ფილმის პერსონაჟს, ყველასთვის საყვარელ „რასელს" შეადარა. გახსოვთ ანიმაციური ფილმ „მაღლას“ პერსონაჟი? იგი გაიზარდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ენტონი ჯოშუას ეჩხუბება“. კრივის ექსპერტები კი, ბრიტანელ მოკრივეს უმარტივეს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ.

როგორც იცით, ენდი რუის ჯუნიორმა ჯოშუას წინააღმდეგ ჩხუბის უფლება სრულიად შემთხვევით მიიღო. „ეიჯეი“ ჯარელ მილერს უნდა შერკინებოდა, თუმცა მას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. ნიუ იორკის სპორტულმა კომისიამ ჯარელს ლიცენზია შეუჩერა. რუის ჯუნიორმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ისტორია დაწერა.

1 - ბასტერ დაგლასი მაიკ ტაისონის წინააღმდეგ

1990 წლის 11 თებერვალს, ჯეიმს ბასტერ დაგლასმა კრივის ფოლკლორში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა. იაპონიაში „ტოკიო დომში" გამართულ ორთაბრძოლაში დაგლასმა მსოფლიო შოკში ჩააგდო და ზედიზედ 37 გამარჯვების მქონე მაიკ ტაისონი დაანოკაუტა.

დაგლასისა და ტაისონის შერკინებამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბასტერი „რკინის მაიკის“ მორიგი მსხვერპლი გახდებოდა.

ბასტერი აშკარა აუტსაიდერი იყო და ბუკმეიკერები მას მოგებაზე 42 კოეფიციენტს აძლევდნენ. დაგლასის პრომოუტერი, დონ კინგი, რომელიც ამავდროულად ტაისონის პრომოუტერი გახლდათ, „რკინის მაიკის“ გამარჯვებაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ევანდერ ჰოლიფილდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მაიკისა და ბასტერის შერკინებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

დონ კინგს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. დაგლასი კი კრივის ისტორიაში უდიდესი სენსაციის შემოქმედი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები