Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  21:28

როი ჯონს ჯუნიორი ტაისონთან ბრძოლაზე: „ომისთვის მზად უნდა ვიყო"

ლეგენდარულმა როი ჯონს ჯუნიორმა მაიკ ტაისონთან გასამართი შერკინების შესახებ ისაუბრა. 51 წლის მოკრივემ ინტერვიუ Yahoo Sports-ს მისცა და განაცხადა, რომ „რკინის მაიკის“ წინააღმდეგ ყურადღების მოდუნებას არ აპირებს.

„კალიფორნიის სპორტული კომისიის წარმომადგენლები და მისი პრეზიდენტი, ენდი ფოსტერი რინგზე გასულ მაიკ ტაისონს ნამდვილად ვერ გააკონტროლებენ. ჩემი თავი ისე უნდა დავიცვა, თითქოს ნამდვილ ბრძოლაში ვიღებდე მონაწილეობას და არა საჩვენებელ დაპირისპირებაში.

რინგზე გასვლის შემდეგ, მაიკმა ძლიერი დარტყმების განხორციელება რომ გადაწყვიტოს, მერე რა ვქნა? კალიფორნიის კომისიის პრეზიდენტს გავხედო? რა თქმა უნდა, არა! საკუთარი თავი უნდა დავიცვა და შეცდომების დაშვება არ შეიძლება.

გავიგე ყველაფერი, რაც ენდი ფოსტერმა თქვა, მაგრამ ტაისონის განცხადებებიც არ უნდა დავივიწყოთ. მე ხომ რინგზე მაიკის წინააღმდეგ გავდივარ და არა ფოსტერის. ბრძოლისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ომისთვის მზად უნდა ვიყო“.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ჯონს ჯუნიორი მაიკ ტაისონს საჩვენებელ ბრძოლაში დაუპირისპირდება, რომელიც 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში