Aa
Aa
5 აგვისტო 2020  |  10:38

ნადალი ნიუ იორკში ტიტულს არ დაიცავს - US Open-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა

CNN-ის ინფორმაციით, US Open-ის მოქმედი ჩემპიონი, რაფაელ ნადალი მიმდინარე წლის გათამაშებაზე მონაწილეობას არ მიიღებს და ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ჯერჯერობით ცნობა თავად ჩოგბურთელის მიერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა CNN-თან ერთად ამ საკითხზე სხვადასხვა გავლენიანი გამოცემებიც აქცენტირებენ. რაფამ „ინსტაგრამზე“ თავისი ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში დაწერა, რომ წელს მადრიდის ტურნირზე ითამაშებს, ეს გათამაშება კი US Open-ის მამაკაცთა ფინალის დღეს, 13 სექტემბერს იწყება.

მოგვიანებით, ჟურნალისტები მადრიდის ტურნირის დირექტორ ფელისიანო ლოპესს დაუკავშირდნენ, რომელმაც დაადასტურა, რომ „მატადორი“ ესპანეთის დედაქალაქის მთავარ კორტებზე ნამდვილად იასპარეზებს.

რაფაელ ნადალმა US Open-ის გასული წლის ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა და დიდი სლემის მე-19 ტიტული მოიგო. როგორც ჩანს, იგი აქცენტს აკეთებს გამოვიდეს „როლან გაროსზე“, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყება.

ჯერჯერობით ნიუ იორკში გასამართი ტურნირიდან განაცხადი არ მოუხსნია მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტიტულის მოგებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები