Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  09:50

დონჩიჩის ისტორიული მატჩი და მორიგი რეკორდი - დალასმა საკრამენტო დაამარცხა

„დალას მავერიქსის“ კალათბურთელი, ლუკა დონჩიჩი NBA-ის რეკორდების დამხობას განაგრძობს. 21 წლის სლოვენიელი ამჯერად „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ ოვერტაიმში მოგებულ შეხვედრაში გამოირჩა და აქტივში 34 ქულა, 20 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

დონჩიჩი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 30-ქულიანი, 20-მოხსნიანი და 10-ასისტიანი სამმაგი დუბლი მიითვალა. ლუკამ ეს შედეგი 21 წლისა და 158 დღის ასაკში დააფიქსირა და ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის მიღწევა გააუმჯობესა.

დონჩიჩის წინამძღოლობით „დალასმა“ 114-110 მოიგო და მიმდინარე რეგულარულში 41-ე გამარჯვება მოიპოვა. „მავერიქსის“ რიგებში სლოვენიელის გარდა 22-22 ქულით პორზინგისი და ჰარდაუეი გამოირჩნენ. დორიან ფინი-სმიტმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა, 16 მოხსნა.

„საკრამენტოს“ რაც შეეხება, „კინგსს“ 28 ქულით დიაარონ ფოქსმა ულიდერა. ბადი ჯილდმა 21 ქულა დააგროვა, ხოლო კენტ ბეიზმორი 16 ქულას დასჯერდა.

ცნობისთვის, „დალასი“ მომდევნო შეხვედრას „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს. „მეფეები“ კი უშუალო კონკურენტს, „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში