მესი ინტერში? - იტალიური მედიის ხმაურიანი ვარაუდი
Aa
Aa

მესი ინტერში? - იტალიური მედიის ხმაურიანი ვარაუდი

იტალიური მედია არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლეო მესის შესახებ ძალიან მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივი Rai-ს ცნობით ფეხბურთელის მამა ხორხე მილანში შემდეგ თვეში ჩაფრინდება, ''ინტერის'' მთავარ ოფისთან ახლოს დაბინავდება და მილანური კლუბის ხელმძღვანელებთან მესის იტალიაში გადაბარგების შესაძლებლობას განიხილავს. იტალიური მედიის ცნობით მესის მამამ ამ განზრახვით ტრანსფერის განხორციელების ნაპერწკალი გააჩინა.

33 წლის მესიმ მთელი პროფესიული კარიერა ''ბარსელონას'' მიუძღვნა და აქედან გამომდინარე მისი ''ინტერში'' გადასვლა არარეალური ჩანს, თუმცა Rai-ს მსგავსად შესაძლო ტრანსფერზე სხვა იტალური წყაროები, Tuttomercatoweb-ი და  La Gazzetta dello Sport-ი იუწყებიან.

მესის კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი ერთი სეზონის შემდეგ, 2021 წლის 30 ივნისს ეწურება და თუ აღნიშნულ თარიღამდე ''ბარსელონას'' ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეუთანხმდება, მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ.

იტალიური მედიის ცნობით ტრანსფერის შესაძლებლობას კიდევ ერთი ფაქტი ზრდის. იტალიაში ესპანეთთან შედარებით დაბალი გადასახადებია. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში მესის, რომელსაც ესპანეთში გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდა, ამ მხრივ უფრო კომფორტულ გარემოში მოუწევს ცხოვრება, თუმცა ეს მხოლოდ აღნიშნული წყაროების მიერ მოპოვებული ინფორმაციაა და რამდენად შეესაბამება სიმართლეს მომავალი აჩვენებს.

მესი 2001 წლიდან ''ლა მასიაში'' იზრდებოდა, 2004 წლიდან კი ''ბარსელონას'' პირველ გუნდში ასპარეზობს.

მესი ''ბარსელონასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი ათჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო. 2015 წლის შემდეგ კატალონიური კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა შეუსრულებული ამოცანაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები