ბარსელონაში ბრუნდება - რაფინია ტრავმირებულია და ბრაზილიას ვერ დაეხმარება
რაფინია ბარსელონაში ბრუნდება. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ფეხბურთელი ნაკრებიდან დღეს დილით, ვადაზე ადრე გაათავისუფლა და ის შაბათს ინდოეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
რაფინიამ დისკომფორტი სამშაბათს ავსტრალიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში იგრძნო, რის გამოც მოედანი ტაიმებს შორის დატოვა. ჩატარებულმა გამოკვლევებმა მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთში შეშუპება გამოავლინა. ფეხბურთელი გამოჯანმრთელების პროცესს ბარსელონაში გააგრძელებს.
„ბარსელონას“ კაპიტანი დამატებით გამოკვლევებს კატალონიურ კლუბში ხვალ ან პარასკევს, სამშობლოში ჩასვლისთანავე, ჩაიტარებს, რათა პირველადი დიაგნოზი საბოლოოდ დადასტურდეს.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ განცხადება დღეს დილით, დაახლოებით 05:00 საათზე, გაავრცელა და რაფინიას სამედიცინო შემოწმების შედეგები დაადასტურა. ფეხბურთელმა ავსტრალიასთან მატჩის მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებამდე პენალტიც გაიტანა, თუმცა დისკომფორტი იგრძნო და მეორე ნახევარში მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
„რაფინიამ ოთხშაბათს (30-ში) ვიზუალური გამოკვლევები ჩაიტარა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის უკანა ნაწილში კუნთის მცირე შეშუპება გამოავლინა. სიფრთხილის მიზნით და მისი სწრაფი გამოჯანმრთელების ხელშეწყობისთვის, ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებიდან გათავისუფლდება. ინდოეთთან ამხანაგური მატჩისთვის მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს არ გამოვიძახებთ“, — ნათქვამია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის განცხადებაში.
ამრიგად, „ბარსელონას“ გარემარბი უახლოეს საათებში კატალონიაში დაბრუნდება და მარჯვენა ბარძაყის ტრავმისგან გამოჯანმრთელებას კლუბის ბაზაზე, სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით გააგრძელებს.
კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელთან და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონტაქტი მაშინვე დაამყარა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ რაფინიას დისკომფორტის გამო მოედნის დატოვება მოუწია. „ბარსელონამ“ მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა და ფეხბურთელის კლუბში დაბრუნება სთხოვა.
რაფინია ჰანსი ფლიკის გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელია — ის ძირითად შემადგენლობაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და გუნდში საუკეთესო ბომბარდირია 14 გოლით.
მარჯვენა ბარძაყის უკანა ნაწილი რაფინიასთვის განსაკუთრებით პრობლემური ზონაა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა ამ არეში სხვადასხვა დაზიანების გამო 26 მატჩი გამოტოვა და თითქმის ყველა შემთხვევაში ტრავმა ბრაზილიის ნაკრებში ყოფნისას მიიღო.
„ბარსელონას“, რომელსაც სანაკრებო პაუზის პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ნაკრებში 17 ფეხბურთელი ჰყავდა, რამდენიმე დღის წინ უკვე მოუწია ერიკ გარსიას ვადაზე ადრე დაბრუნება — ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მას მუხლის შეშუპება დაუდგინდა.