„20 მილიონი შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრა“ - ტაისონს ხელთათმანების გარეშე ჩხუბი არ სურს
Aa
Aa

„20 მილიონი შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრა“ - ტაისონს ხელთათმანების გარეშე ჩხუბი არ სურს

Bare Knuckle Fighting Championship-მა, რომელიც კრივის წესებით, ოღონდ ხელთათმანების გარეშე გამართულ ბრძოლებს ატარებს, მაიკ ტაისონს რინგზე დაბრუნების სანაცვლოდ 20 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

ეს ინფორმაცია Bare Knuckle Fighting Championship-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, დევიდ ფელდმანმა გაასაჯაროვა და RingTV.com-თან საუბრისას განაცხადა, რომ „რკინის მაიკის“ დაყოლიება არ გამოუვიდა.

„ტაისონს 20 მილიონი აშშ დოლარი და დამატებით ბონუსები შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრა. ვინ იცის, მაიკი რას გადაწყვეტს. მისმა მენეჯერებმა თქვეს, რომ იგი ივლისში იჩხუბებდა, მაგრამ შემდეგ განაცხადეს, რომ რინგზე აგვისტოში დაბრუნდება. ასე რომ, არავინ იცის მაიკი რა არჩევანს გააკეთებს“.

RingTV.com-მა ამერიკელ მოკრივესთან დაახლოებული წყაროს კომენტარიც მოიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ „რკინის მაიკი“ ხელთათმანების გარეშე კრივს არც კი განიხილავს. ცნობისთვის, უცხოურ პრესაში ტაისონს ევანდერ ჰოლიფილდის, რიდიკ ბოუის ან შენონ ბრიგსის წინააღმდეგ ჩხუბს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც უკვე გაირკვა მაიკ ტაისონსა და როი ჯონს ჯუნიორს შორის შეთანხმება შედგა, მოკრივეებმა ხელი კონტრაქტსაც მოაწერეს და 12 სექტემბერს იჩხუბებენ.

ისინი საჩვენებელ ბრძოლას გამართავენ, რომელიც 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები