Aa Aa
15 ივლისი 2020  |  11:17

"2021 წლის უიმბლდონზე უნდა ვითამაშო" - ფედერერი მიზნებზე, ტრავმასა და პანდემიაზე

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი 2021 წლის უიბლდონზე თამაშია“, - როჯერ ფედერერი მედიას სამომავლო გეგმებზე, პანდემიის პერიოდსა და კიდევ რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა. CrystalSport-ი ინტერვიუს ქართულად გახმოვანებულ ვერსიას გთავაზობთ:

„პანდემიის სრული პერიოდის შვეიცარიაში გატარება მშვენიერი იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და ჩემს მშობლიურ ბაზელის სახლში გადაბმულად ორი თვეც არ მქონდა გატარებული. ახლა კი უკვე 4 თუ 5 თვეა ვიმყოფები ბაზელში, სადაც ცხოვრების არაჩვეულებრივი ხარისხია და ოჯახთან ერთად თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

თუმცა, კარანტინის პერიოდში მშობლები 3 თვის განმავლობაში ვერ ვნახე, ჩვენ მთავრობის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვიცავდით. თითოეული წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენგანი ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს სწორედ ბაზელის გარემოში გავდივარ, ბავშვებთან ერთად ქუჩებში ვსეირნობ და უამრავ ადამიანს ვხვდები. აღდგენითი პროცესი კი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ პროგრესი შეიმჩნევა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები.

2020 წელი ჩემთვის სრულიად განსაკუთრებული გამოდის. ბოლო მატჩი რაფა ნადალთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ჩავატარე და ეს შეხვედრა ჩემი ფონდისთვის გაიმართა, ასევე ვითამაშე ავსტრალიის ღია პირველობაზე, შემდეგ კი მუხლზე ორი ოპერაციის გაკეთება მომიწია. მათ გააუქმეს უიმბლდონი და ოლიმპიადა, კორონავირუსი, კარანტინი, სამოგზარო შეზღუდვა... მოკლედ, ბევრი რამ მოხდა.

კონკრეტულად უიმბლდონი მენატრება და ახლა იქ სიამოვნებით ვითამაშებდი. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ისაა, რომ მომდევნო სეზონში კვლავ გამოვიდე იმ ტურნირზე, რომელმაც ყველაფერი მომცა. ამისთვის ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ“.

შეგახსენებთ, რომ ATP-ი სეზონის განახლებას 14 აგვისტოდან აპირებს და დიდი სლემის ორი ტურნირის ჩატარებაც იგეგმება - აგვისტო-სექტემბერში US Open-ია ჩანიშნული, ხოლო მისი დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში „როლან გაროსი“ დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები