კორონავირუსი და ტრავმა - ბილი და დინუიდი ორლანდოში არ გაემგზავრებიან
Aa
Aa

კორონავირუსი და ტრავმა - ბილი და დინუიდი ორლანდოში არ გაემგზავრებიან

„ვაშინგტონ უიზარდსის“ კალათბურთელი, ბრედლი ბილი სეზონის განახლების შემდეგ გამართულ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.

დედაქალაქური გუნდის ინფორმაციით, 27 წლის მსროლელ მცველს სეზონის სტარტზე მხარი აწუხებდა და კორონავირუსის პანდემიისას, მას ტრავმა გაუმიზეზდა. გამომდინარე აქედან, ბილი ორლანდოში არ გაემგზავრება და სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რათა მომდევნო სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

ბილის მსგავსად, სეზონის განახლების შემდეგ გამართულ მატჩებს „ბრუკლინ ნეთსის“ კალათბურთელი, სპენსერ დინუიდიც გამოტოვებს. ამ უკანასკნელს რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა და როგორც თავად განაცხადა, Covid-19 ჯერ არ დაუმარცხებია.

„კორონავირუსის ტესტზე კიდევ ერთი დადებითი პასუხის შემდეგ, რომელიც გუშინ მივიღეთ და ჩემი სიმპტომების გათვალისწინებით, მე და გუნდის ექიმებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩემსა და ჩემი გუნდის საუკეთესო ინტერესებში იქნება, ორლანდოში არ ვითამაშო. ბიჭებს თითოეულ ნაბიჯზე ვუგულშემატკივრებ“, - განაცხადა დინუიდიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის რეგულარული სეზონი 30 ივლისს განახლდება და 16 დღეს გაგრძელდება. გუნდები 8 მატჩს ჩაატარებენ და დღეში 5-6 შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები