რეალი ტრანსფერებისთვის თანხას აგროვებს - 200 მილიონი 5 ფეხბურთელის სანაცვლოდ
Aa
Aa

რეალი ტრანსფერებისთვის თანხას აგროვებს - 200 მილიონი 5 ფეხბურთელის სანაცვლოდ

პანდემიის შემდეგ, საფეხბურთო კლუბებს სატრანსფერო ბაზარზე კოლოსალური თანხების დახარჯვის საშუალება ამჯერად არ აქვთ და ყველა მათგანი შექმნილი სიტუაციის მიხედვით მოქმედებს და შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს. გამონაკლისი არც მადრიდის „რეალია“.

Marca-ს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვიდან 200 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რაც კლუბს ახალი მოთამაშეების შესაძენად დამატებით თანხას გაუჩენს.

კორონავირუსის შემდეგ, მადრიდშიც აღიარებენ რომ მიმდინარე ზაფხულში „რეალი“ მბაპეს ვერ შეიძენს და კლუბი ამაზე დროს აღარ ხარჯავს. ამჯერად ზიდანის ნომერ პირველი პრიორიტეტი სადიო მანე იყო, თუმცა „ლივერპულმა“ სენეგალელში საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა, საუბარია დაახლოებით 150 მილიონ ევროზე (სხვადასხვა წყარო 170-საც ასახელებს).

ესპანური გამოცემის ცნობით, ზიდანი გუნდიდან ბეილის, ხამესის, ბრაჰიმ დიასის, მარიანო დიასის და დანი სებალოსის გაშვებას გეგმავს. ზიზუს ისინი არ სჭირდება და ხსენებული ხუთეულიდან მადრიდელები დაახლოებით 200 მილიონს უდაოდ მოაგროვებენ, თუ ყველა მათგანის გაყიდვა მოხერხდა.

ზიდანმა ლა ლიგის განახლების შემდეგ ნათლად დაგვანახა, თუ რომელ მოთამაშეებს დაეყრდნობა და რომლები არ შედიან მის გეგმებში.

მიუხედავად ფინანსების მოგროვებისა, დიდი შანსია „რეალმა“ „ლივერპულიდან“ მანე მაინც ვერ იყიდოს, რადგან კლოპი ამის წინააღმდეგია, თუმცა მადრიდელებს შემადგენლობის გასაძლიერებლად კანდიდატების შერჩევა ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა პანდემიის შემდეგ შეიცვალა და ის ივლისის ბოლოს (ზოგგან აგვისტოს დასაწყისში) გაიხსნება და 5 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები