ბეტისი, კილიან მბაპე
Aa
Aa

დიდი ხმაური ბეტისი რეალის მატჩის შემდეგ - რა მოხდა მბაპეს პენალტის მომენტში?

„რეალის“ ტელევიზიამ (Real Madrid TV) ლა ლიგის მე-4 ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ (0:1) გამართულ მატჩში არბიტრის გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა და ეთერში ემოციურად საუბროს დროს, აღნიშნეს რომ „ბარსელონას" მსგავს ეპიზოდებს აპატიებდნენ.

89-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა ალეხანდრო ერნანდესმა შეტევის განვითარებისას დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო „რეალის“ ფორვარდის, კარლოს ესპის გოლი გააუქმა. 94-ე წუთზე კილიან მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა. VAR-ი ეპიზოდს ამოწმებდა „ბეტისის“ მცველის, მარკ ბარტრასა და სხვა მოთამაშეების საჯარიმოში ნაადრევად შესვლასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მსაჯებმა წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინეს და პენალტის გადათამაშება არ დანიშნულა.

„ეს „ბარსას“ რომ დამართოდა, პენალტს თავიდან დაარტყმევინებდნენ, ესპის „ბარსელონასთვის“ რომ გაეტანა, გოლს არ გააუქმებდნენ“,

- განაცხადეს „რეალის“ ტელევიზიის ეთერში.

რა წერია IFAB-ის (ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭო) ოფიციალურ წესებში მსგავს ეპიზოდთან დაკავშირებით?

„თუ თამაშის განახლებისას (მაგალითად, პენალტის დარტყმის დროს) მოთამაშე ჰაერშია ამხტარი, მისი პოზიცია განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად დაეშვებოდა მისი ფეხები მიწაზე. თუმცა, „ჰაერში ყოფნა“ ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხეული მთლიანად მოწყვეტილია მინდორს.

სხვა დანარჩენ შემთხვევებში, თამაშის განახლებისას ფეხბურთელის პოზიციას საზღვრავს მისი ფეხის ან სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილის ის წერტილი, რომელიც მინდორს ეხება (გარდა თამაშგარე მდგომარეობისა, რასაც მე-11 წესი არეგულირებს)".

წესების თანახმად, მბაპეს პენალტი თავიდან არ უნდა შესრულებულიყო.

„ბეტისის“ მცველმა მარკ ბარტრამ შეხვედრის შემდეგ, ზემოხსენებული ეპიზოდი შეაფასა, რომელშიც VAR-ი მისი საჯარიმოში ნაადრევად შესვლის გამო პენალტის თავიდან შესრულების აუცილებლობას განიხილავდა.

„რამდენიმე ტურის წინ გაიამ მცირე ნახტომი გააკეთა (პენალტის შესრულებამდე). ნაცნობ მსაჯს ვკითხე, დასაშვები იყო თუ არა ეს და მან წესი ამიხსნა: თუ ფეხი ჰაერშია, პენალტი არ გადათამაშდება. მე ყველაფერი გამომივიდა, მაგრამ ოდნავ მეტხანს რომ გავჩერებულიყავი, საჯარიმოს შიგნით აღმოვჩნდებოდი. ეს პატარა დეტალია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულებია“,

- თქვა ბარტრამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები