ჩავი: "მე და ჩემი გუნდი ბარსას ჩასაბარებლად ვემზადებით"
„ბარსელონაში“ სრული ქაოსია და გუნდის თამაში მასთან პირდაპირ კავშირშია. როგორც ჩანს, შესაძლოა კიკე სეტიენმა პოსტი სეზონის დასრულებამდე დატოვოს და მისი ადგილი „ბარსას“ მეორე გუნდის დამრიგებელმა გარსია პიმიენტამ დაიკავოს.
ამ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს და წერს, რომ ლა ლიგის დასრულების შემდეგ, სეტიენს დაითხოვენ, აგვისტოში გასამართ ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდს გარსია პიმიენტა ჩაიბარებს, რომელიც კლუბის აკადემიაში 2006 წლიდან მუშაობს, იგი „ლა მასიას“ აღზრდილი გახლავთ და 2018 წელს გუნდთან ერთად ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
პიმიენტა დროებითი მწვრთნელის პოსტზე იდეალური ვარიანტია. ახალი სეზონისთვის კი კლუბს კანდიდატურის შესარჩევად საკმაო დრო ექნება, თუმცა პოსტისთვის ფავორიტი უკვე გამოკვეთილია - ჩავი.
„ჩემი ოცნება „ბარსელონას“ გაწვრთნა და მასთან ერთად წარმატების მიღწევაა. მე და ჩემი სამწვრთნელო პერსონალი „ბლაუგრანას“ ჩასაბარებლად ვემზადებით.
საჭიროა, რომ კლუბში ყველანაირი ხელშემწყობი მდგომარეობა მქონდეს, რათა პროექტი ნულიდან დავიწყო და იგი შედეგიანად განვახორციელო. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ამას ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამ - მსურს, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელის პოსტზე გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღო“. - ჩავის სიტყვებს ესპანური Sport-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ზამთარში „ბარსა“ ჩავის პირველად დაეკონტაქტა, თუმცა მისგან უარი მიიღო, რადგან მას შუა სეზონში გუნდის ჩაბარება არ უნდოდა და ხელშეკრულების გაფორმებაზე თანახმა ზაფხულიდან იყო. ხსენებულ შეხვედრაზე ჩავიმ იგივე გაიმეორა - მას გუნდის შესაქმნელად სრული დამოუკიდებლობა სურდა.