Aa
Aa

ფიური: „მაიკ ტაისონთან ბრძოლის სანაცვლოდ სასაცილო თანხა შემომთავაზეს"

ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ დაადასტურა, რომ მასსა და მაიკ ტაისონს შორის ბრძოლის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. „ბოშათა მეფემ“ დეტალების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებისგან სასაცილო შეთავაზება მიიღო.

„მაიკ ტაისონის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და ბრძოლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. მაიკმა თავადაც დამირეკა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ტაისონს რინგზე დაბრუნების სანაცვლოდ უზარმაზარ თანხას სთავაზობდნენ, ჩვენ კი, სასაცილო წინადადებით მოგვმართეს. მაიკს დაახლოებით 500 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნდა მიეღო, ხოლო ჩემი ჰონორარი იმდენად ნაკლები გახლდათ, რომ სრული სიგიჟე იყო.

სიმართლე გითხრათ, ESPN მზად იყო საჩვენებელი ბრძოლის სანაცვლოდ ჩემთვის 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეხადა, თუმცა როგორც ვიცი, ეს იდეა აღარ განიხილება“.

შეგახსენებთ, რომ „რკინის მაიკს“ რინგზე დაბრუნება და საქველმოქმედო მიზებნისთვის ბრძოლის გამართვა სურს. უცხოურ პრესაში ტაისონის მეტოქის შესახებ დიდი ხანია წერენ და სხვადასხვა მოკრივეებს ასახელებენ.

იყო საუბარი, რომ მაიკი ევანდერ ჰოლიფილდს დაუპირისპირდებოდა, თუმცა ტაისონმა ეს ინფორმაცია უარყო. ასევე იწერებოდა შენონ ბრიგსის შესახებაც, რომელმაც თავად განაცხადა, რომ ტაისონი თანახმაა მასთან ბრძოლა გამართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები