როჯერ ფედერერი 2021 წლამდე იუქმებს
Aa
Aa

როჯერ ფედერერი 2021 წლამდე იუქმებს

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი 2020 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებულს მუხლის პრობლემა აწუხებს და გადაწყვიტა 2021 წლამდე კორტზე არ გავიდეს.

„ძვირფასო გულშემატკივრებო. იმედია უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იმყოფებით. რამდენიმე კვირის წინ, სარეაბილიტაციო პერიოდის მიმდინარეობისას პრობლემები შემექმნა და მარჯვენა მუხლზე დამატებითი ართროსკოპიული პროცედურა ჩამიტარდა.

ახლა, ზუსტად ისე, როგორც 2017 წლის სეზონში გავაკეთე, პაუზის აღებას ვგეგმავ, რათა 100 პროცენტით გამოვჯანმრთელდე და უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად ვიყო. ჩემი გულშემატკივრები და ტური ძალიან მომენატრება, მაგრამ 2021 წლის სეზონის სტარტზე ყველას მათგანის ნახვას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა ფედერერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საჩოგბურთო სეზონი შეჩერებულია, თუმცა აგვისტოში US Open-ის, ხოლო სექტემბერში როლან გაროსის გამართვა იგეგმება. ასე რომ, ფედერერს ორი დიდი სლემის გამოტოვება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები