გოგა ხუროშვილი:
Aa
Aa

გოგა ხუროშვილი: "‘არმაზი’ უფრო რთული სიტუაციებიდანაც გამოსულა!"

მარნეულის ‘არმაზის’ 24 წლის კაპიტანი გოგა ხუროშვილი დარწმუნებულია, რომ გუნდი არსებულ სირთულეებს გადალახავს და დიდ 10-ში კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს.

ადრეულ ბავშვობაში ის ცეკვაზე, ცურვაზე და ფეხბურთზე, ასევე დაახლოებით 1 თვე რაგბზეც დადიოდა. მოგვიანებით, 13 წლის გოგა რაგბს უფროსი მეგობრების, ბექა ჯიშკარიანისა და რეზი ჟღენტის რეკომენდაციით დაუბრუნდა და ის მისი ცხოვრების ნაწილად იქცა:

რაგბს ტელევიზორში სულ ვუყურებდი და აგრესიული, კონტაქტური სპორტი ძალიან მომწონდა. ამიტომ, როცა ჩემმა უფროსმა მეგობრებმა რაგბზე სიარული შემომთავაზეს, ბევრი აღარ მიფიქრია და ‘არმაზში’ რატი გეგეშიძესთან დავიწყე ვარჯიში“.

 

ვაჩვენეთ, რომ რაგბის თამაში შეგვიძლია“

ჭაბუკთა ლიგებში ხუროშვილი 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 18-წლამდელთა ნაკრებში უხმეს, უმცროსი ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელმა მამუკა ტყეშელაშვილმა პოზიციის შეცვლა ურჩია და ნაკრებმაც მაღალი დონის კვაჭი მიიღო.

კარგი გადაწყვეტილება მივიღე. სწორედ პოზიციის შეცვლის შემდეგ მოვხვდი ჯერ ასაკობრივ და მერე კაცთა ნაკრებებში“ – კმაყოფილია ახალგაზრდა მორაგბე საკუთარი არჩევანით.

2016 წელს, ის იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც პირველმა ითამაშა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში და 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ინგლისში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფურ ეტაპზე ახალი ზელანდიის, უელსის და ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშეს, მე-9 ადგილის ნახევარფინალში იტალიას 18:17 სძლიეს და ელიტაში თამაში დაიბევეს, ბოლოს კი ფრანგებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მეტოქეს მცირედით ჩამორჩნენ (24:27).

იმ ბიჭების თავდადებით, ვინც წინა წელს „ალაფა“ მოიგო, წილად მხვდა ბედნიერება და ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მსოფლიოს უძლიერესი სარაგბო ქვეყნების ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშე. ამ ყველაფერს თან ახლდა ნერვიულობა, დაძაბულობა, მთლიანობაში კი, იყო შეგრძნება, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ჩემს თავზე პირველად გამოვცადე რა დონეზე იყვნენ წამყვანი სარაგბო ქვეყნები“.

პირველი მატჩი ახალ ზელანდიასთან გვქონდა, რომლის შემადგენლობაში ის ბიჭები თამაშობდნენ, რომლებიც ახლა „ოლ ბლექსში“ არიან. ასეთ მაღალ ტემპში პირველად ვითამაშე და ვნახე რა გველოდა წინ. ინგლისში დიდი შემართებით ჩავედით და უცებ ზელანდიისგან ცივი შხაპი მივიღეთ, თუმცა უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. ამის შემდეგ მეტად მოვინდომეთ, უფრო შევიკარით, გვსურდა საქართველო გვესახელებინა და დაგეგმილზე მეტი ვივარჯიშეთ და 4 დღეში უელსთან საოცარი თამაში ჩავატარეთ“.

იმ წელს მეოთხე თამაში იტალიასთან მოვიგეთ და ელიტაში ამის შედეგად დავრჩით, თუმცა უელსთან მატჩი მაინც გამორჩეული იყო. ძალიან მაგრად ვითამაშეთ, ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ, მაგრამ საბოლოოდ ერთი ქულით დავმარცხდით (9:10). მოგება შეგვეძლო და ყველას ისე დაგვწყდა გული, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ცრემლები ვერ შევიკავეთ“ – იხსენებს 4 წლის წინანდელ ჩემპიონატს გოგა ხუროშვილი.

 

 აგუსტინ კრევის პირისპირ

‘არმაზის’ კაპიტანმა ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო XV-ში მიიღო მიწვევა და 2018 წელს, თბილისის ზაფხულის თასზე არგენტინა XV-ის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, წელს იანვარში კი, გუნდთან ერთად არგენტინულ ტურნეზე გაემგზავრა და 2019 წლის სუპერ რაგბის ფინალისტის, ‘ხაგუარესის’ წინაშე წარსდგა:

გამოცდილება რაგბში და ზოგადად სპორტში, შეუფასებელი რამაა. სწორედ ეს მომცა ახალგაზრდულ ნაკრებებში და საქართველო XV-ში თამაშმა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ზაფხულის თასზე, თბილისში არგენტინა XV-თან გამარჯვება. ეს იყო ამ გუნდის პირველი თამაში, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში მოვიგეთ. მართლა მაგარი თამაში იყო“.

წელს უკვე არგენტინაში, ფაქტობრივად მსოფლიოს მეორე კლუბს ორჯერ ვეთამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ სოლიდური სხვაობებით დავმარცხდით, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ჩემს წინ იდგნენ მორაგბეები, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი და ეს ყველაფერი დაუჯერებლად მეჩვენებოდა. მათ შორის იყო ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მორაგბე, კვაჭი აგუსტინ კრევი. მიუხედავად ასაკისა, ის ძალიან მაღალი დონის მორაგბეა“.

 

ოცნება, რომელიც ახლოს იყო

რაც დრო გადის, რაგბის მიმართ სიყვარული სულ უფრო მიღრმავდება და ამ სპორტში ბოლომდე „ვეფლობი“. ყოველ დღე ვუყურებ ჩემს თამაშებს და ვცდილობ გავითვალისწინო შეცდომები. ყველა სპორტსმენის მიზანია – ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და ვიმედოვნებ, ოდესმე ამიხდება“ – ამბობს 24 წლის კვაჭი, რომელსაც ბორჯღალოსნების გაფართოებულ რაზმში 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის წინ უხმეს, მაგრამ ტრავმამ ოცნების ახდენაში ხელი შეუშალა:

 თამაში გვქონდა ‘აიასთან’, რომლის შემდეგაც ნაკრების შეკრებაზე უნდა შევსულიყავი, მაგრამ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ჯვარედინი მყესები გამიწყდა. ასე აღმოვჩნდი ნაკრების მაგივრად საოპერაციო მაგიდაზე და 7-8 თვე გამიცდა. ამ ტრავმამაც დიდი გამოცდილება შემძინა. რომ არ მეგონა ისეთი შრომისმოყვარეობა გამოვავლინე და უმძიმესი ტრავმის შემდეგ, მოედანს კიდევ უფრო გაზრდილი დავუბრუნდი. ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში წელსაც ვარ და იმედია, მალე დებიუტი მექნება“.

 

თუ გუნდი არ გიყვარს, კაპიტანი ვერ იქნები“

‘არმაზს’ 2018/2019 წლებში ისტორიული სეზონი ჰქონდა – 2003 წელს დაარსებულმა კლუბმა დიდ 10-ში მესამე ადგილი დაიკავა და პირველად მოიპოვა მედალი. მაგრამ წელს საქმე კარგად ვერ წავიდა, 14 თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 15 ქულით გასავარდნ, მე-10 ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ‘არმაზის’ კაპიტანი დარწმუნებულია, რომ თუ სეზონი განახლდება, გუნდი უძლიერესთა შორის დარჩენას მოახერხებს:

სამწუხაროდ, გასულ სეზონში ტრავმა მივიღე და გუნდს ბოლომდე ვერ დავეხმარე. ეს წარმატება სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, რომელმაც გუნდი ერთ მუშტად შეკრა და კარგი, სანახაობრივი რაგბიც ვაჩვენეთ. გუნდი საათივით იყო აწყობილი და ეს შედეგზე აისახა, მაგრამ ზაფხულში ბევრი მოთამაშე დავკარგეთ და ჯერ ერთმანეთს ფეხი ვერ ავუწყეთ. თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, არც კი ვფიქრობ, რომ დიდი 10-იდან გავვარდებით. ‘არმაზი’ ამაზე უფრო რთულ სიტუაციაშიც ყოფილა და მისგან თავი დაგვიღწევია. ჩვენ სწორედ ის გუნდი ვართ, რომელიც ყოველთვის უმკლავდება სირთულეებს და 5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს. ბრძოლა შეგვიძლია და შედეგს აუცილებლად ვაჩვენებთ“.

 პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ‘არმაზს’ სავარჯიშო პროცესი ჯერ არ განუახლებია და მოთამაშეები ინდივიდუალურად ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას.

ყოველ დღე დავრბივარ და წონებით ვვარჯიშობ. სახლში მაქვს ბურთები და ვცდილობ მასაც არ გადავეჩვიო. მე კვაჭი ვარ და აუცილებელია, რომ ხელის ტექნიკაზე ყოველდღიურად ვიმუშაო, რადგან ამან დავიწყება იცის“ – ამბობს კაპიტანი, რომლისთვისაც გუნდი ერთი დიდი ოჯახია:

აქ შევიყვარე რაგბი და ვისწავლე ყველაფერი, რაც ამ სპორტს უკავშირდება. ‘არმაზი’ დიდი ოჯახია, მისი კაპიტნობა კი, პასუხისმგებლობა. ვარჯიშებსა თუ თამაშზე ყველას უნდა შევუქმნა განწყობა, რაც ძალიან რთულია. თუ გუნდი არ გიყვარს, კაპიტანი ვერ იქნები!“

მასალა მოამზადა - რაგბის კავშირმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები