Aa
Aa

მოლაპარაკებები დაწყებულია - პაკიაოს მომდევნო მეტოქე შესაძლოა დაუმარცხებელი კროუფორდი იყოს

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს მომდევნო მეტოქე შესაძლოა, დაუმარცხებელი ტერენს კროუფორდი იყოს. „პაკმენის“ პრომოუტერმა, ბობ არუმმა IFL TV-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მხარეებს შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ბრძოლა 2020 წელს, ბაჰრეინში გაიმართება.

ინფორმაციას ტერენს კროუფორდიც ადასტურებს: „ბობ არუმს დავუკავშირდით და გავიგეთ, რომ მენი და მისი გუნდი ჩემთან ბრძოლის გამართვაზე თანახმაა. უარის თქმას არც მე ვაპირებ და ამჟამად ფინანსურ მხარესთან დაკავშირებულ დეტალებზე ვმუშაობთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო მეგაბრძოლის გულშემატკივრების გარეშე გამართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ კონტრაქტის გაფორმებამდე ყველა დეტალის დაზუსტებაა აუცილებელი“.

პაკიაო WBA-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია, რომელიც კიტ ტურმანის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ტერენს კროუფორდი კი, WBO-ს ვერსიით გახლავთ მსოფლიო ჩემპიონი და ტიტულის 3-ჯერ დაცვაც მოასწრო.

ამერიკელ მოკრივეს კარიერაში ჩატარებული 36 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. პაკიაოს ანგარიშზე კი, 62 გამარჯვება და 7 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები