არიგო საკი: ''მინდა მოედანზე მეტი აგრესია, სიმამაცე და ენთუზიაზმი ვნახო''
Aa
Aa

არიგო საკი: ''მინდა მოედანზე მეტი აგრესია, სიმამაცე და ენთუზიაზმი ვნახო''

ლეგენდარული არიგო საკი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ''ინტერს'' სერია ა-ს მოგების რეალური შანსი აქვს. 74 წლის სპეციალისტი იტალიურ მედიას ესაუბრა.

მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ ''იუვენტუსი'' 63 ქულით პირველ ადგილზეა და ''ლაციოს'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ''ინტერის'' ანგარიშზე 54 ქულაა, თუმცა ''იუვენტუსთან'' და ''ლაციოსთან'' შედარებით კონტეს გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

''გუნდები, რომლებსაც ექნებათ სტრატეგია და არა მხოლოდ ერთი ტაქტიკა, წარმატებას მიაღწევენ. თანადგომა და გუნდური სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მოედანზე მეტი სიმამაცე, მეტი ენთუზიაზმი და მეტი აგრესია დავინახო.

პუბლიკა ითხოვს ლამაზ თამაშს და არა მხოლოდ შედეგს.იტალიაში ფეხბურთი დაბრუნდება, თუმცა ეს იქნება თეატრალური წარმოადგენა მაყურებელთა გარეშე.

მახსოვს 1994 წელს, როცა ჩემი გაწვრთნილი იტალია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ფეხბურთს ჯოჯოხეთურ სიცხეში ვთამაშობდით. ეს არაა ადვილი, მაგრამ ნებისმიერ გარემოში შეგიძლია გამოავლინო შესაძლებლობები.

რაც შეეხება სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებას, კონტეს შეუძლია ''ინტერი'' საჩემპიონო ბრძოლაში დააბრუნოს, მაშინაც კი თუ ''იუვენტუსი'' და ''ლაციო'' სეზონს დიდი მოტივაციით განაახლებენ.''ინტერის'' ჩამოწერა არ შეიძლება.

დიდი მნიშვნელობა აქვს მომზადებას და სიფრთხილეს. მაგალითად, სტეფანო სენსი ფორმაში უფრო მალე შევა ვიდრე რომელუ ლუკაკუ, რომელსაც დიდი კუნთები აქვს.''

არიგო საკი ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელია, რომელის ''მილანს'' 1987-91 და 1996-97 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მილანურმა გუნდმა ჩემპიონთა თასი ორჯერ მოიგო (1988-89 და 1989-90), ერთხელ კი იტალიის სერია ა (1987-88).

1991-96 წლებში საკი იტალიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები