კობიაშვილი: ''ვაისის დარჩენა ნიშნავს, რომ მას ჩვენი წარმატების სჯერა''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''ვაისის დარჩენა ნიშნავს, რომ მას ჩვენი წარმატების სჯერა''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას ვლადიმირ ვაისთან გაფორმებული ახალი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

სლოვაკი პირველი ივლისიდან მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება. 55 წლის სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2016 წლიდან მოყოლებული წვრთნის.

ლევან კობიაშვილი: ''ვერ ვიტყვი, რომ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მარტივი იყო. ვაისის გარდა სხვა კანდიდატი არ განიხილებოდა. ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტი მარტის ბოლოს ამოიწურა. ახალი ხელშეკრულება ძალაში პირველი ივლისიდან შედის. ხელშეკრულებას ყოველთვის ორი მხარე აქვს, ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად სასარგებლო შეთანხმება შედგეს. ვაისის დარჩენა კიდევ ერთი დასტური იყო, რომ მას ჩვენი გუნდის და ჩვენი გუნდის წარმატების სჯერა.

აპრილში, მაისსა და ივნისში ვლადიმირ ვაისი ხელშეკრულების გარეშე იყო, შესაბამისად სამი თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებს, რაც მისთვის მარტივი არ იყო, თუმცა მისი ნაბიჯი დასაფასებელია და მინდა მადლობა გადავუხადო.

მახარებს, რომ ვაისი კვლავ ჩვენთან ერთადაა. დარწმუნებული ვარ გზას, რომელიც ერთად დავიწყეთ, ღირსეულად მივიყვანთ ბოლომდე. მოლოდინია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი შემოდგომაზე გაიმართება, თუმცა ასი პროცენტით ამის თქმა არავის შეუძლია.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები