ალექსანდრე მეტრეველი:
Aa
Aa

ალექსანდრე მეტრეველი: "მძიმე ფსიქოლოგიური სტრესია, პირველ რიგში სიმართლე უნდა გაირკვეს"

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მიასს, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ცემის ბრალდებით დააკავეს და დღეს, 24 მაისს გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

საქმე ძიების პროცესშია და ჯერჯერობით არაფერი დამტკიცებულა.

ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა პირველ არხთან ისაუბრა:

„დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. ვიცი, რომ არის ბრალდება, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. სამი დღის წინ ვნახე ნიკოლოზი, იყო აქ მოსული სავარჯიშოდ. ვესაუბრე ჩვეულებრივ რეჟიმში და მერე ეს ამბავი იყო. მის კარიერაზე რომ დადებითად არ იმოქმედებს, ამაზე ორი აზრი არ არის, რადგან ჯერ ერთი, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესია, არა მარტო ჩოგბურთის ფედერაციისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, გულშემატკივრებისთვის, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ნიკოლოზს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ და შემიძლია დავახასიათო როგორც დადებითი, თავშეკავებული ადამიანი, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. პირველ რიგში სიმართლე უნდა გაირკვეს. ფაქტი რომ არასასიამოვნოა, მგონი, ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება.

ამის გამოცდილება არ მაქვს, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია როგორ მიიღებს ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას. მძიმე საკითხია და პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სიმართლე. იმედს დავიტოვებ, რომ ეს არ დადასტურდება. ასეთ ფაქტთან შეხება არ მქონია, სავარაუდოდ რაღაც სანქციები უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად არ მქონია შეხება და ვერ გეტყვით, მერე რა შეიძლება ამ ამბავს მოყვეს“.

აქვე გეტყვით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ქართველმა ჩოგბურთელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები