ლეგენდარული ჯერი სლოუნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
„იუტა ჯაზის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯერი სლოუნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარულ სპეციალისტს პარკინსონის დაავადება და დემენცია აწუხებდა და მისმა ორგანიზმმა მდგომარეობის გართულება ვერ გადაიტანა.
სლოუნი „ჯაზმენებს“ 1988 წლიდან 2011 წლამდე წვრთნიდა. იგი დიდების დარბაზის წევრია და „იუტასთან“ ერთად 1223 შეხვედრა მოიგო.
„ჯერი სლოუნი ყოველთვის იუტა ჯაზთან იქნება დაკავშირებული. ის სამუდამოდ ჩვენი ორგანიზაციის ნაწილი იქნება და მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და გულშემატკივრების მწუხარებას ვიზიარებთ. მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რასაც მან გუნდთან ერთად მიაღწია და იმ თავდადებისთვის, ერთგულებისთვის და გამძლეობისთვის, რომელიც იუტას მიმართ გამოიჩინა.
მწვრთნელს, რომელიც 23 წელია დიდების დარბაზის წევრია, იუტა ჯაზზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, რასაც ჩვენს არენაზე აღმართული ბანერიც ადასტურებს. ჯაზთან ერთად მოპოვებული 1223 გამარჯვება, 20-ჯერ ნათამაშები პლეიოფი და NBA-ის ორი ფინალი ნამდვილად საოცარი მიღწევებია. მისმა დამოკიდებულებამ იგი გულშემატკივართა ფავორიტად აქცია. კარიერის დასრულების შემდეგაც კი, მატჩებზე გამოჩენილ სლოუნს ქომაგები ოვაციებით ხვდებოდნენ.
სტოკტონისა და მელოუნის მსგავსად, ჯერი სლოუნის სახელი სამუდამოდ იუტასთან იქნება დაკავშირებული. ის ძალიან დაგვაკლდება და მის მეუღლეს, ტამისა და მის ოჯახს თანავუგრძნობთ“, - წერია „ჯაზმენების" ოფიციალურ განცხადებაში.
Rest easy, Coach ❤️
— utahjazz (@utahjazz) May 22, 2020
» https://t.co/5eonFoUR61 pic.twitter.com/ynrk0JnO0V
სლოუნმა საკალათბურთო კარიერა „ბალტიმორ ბულეთსში“ და „ჩიკაგო ბულსში“ გაატარა. 1978 წელს იგი „ხარების“ ასისტენტი გახდა. 1988 წელს კი, „იუტა ჯაზი“ ჩაიბარა და გუნდთან ერთად ისტორია დაწერა.
მშვიდად განისვენე ჯერი.