Aa
Aa
20 მაისი 2020  |  09:53

ჯორდანის ექს-თანაგუნდელი: „მაიკლი ჩამშვებია, უკანასკნელი ცეკვა - ე.წ დოკუმენტური ფილმი"

მაიკლ ჯორდანის ყოფილმა თანაგუნდელმა, ჰორეს გრანტმა „ემჯეის“ შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, „უკანასკნელ ცეკვაზე“ ისაუბრა. გრანტის თქმით, რეჟისორებმა ბევრი რამ ამოჭრეს, რათა ჯორდანი უკეთ წარმოჩენილიყო.

„ფილმი საინტერესო იყო, მაგრამ ჩვენ, მაიკლის თანაგუნდელებმა ვიცით, რომ ფილმის 90 პროცენტი რეალობასთან ახლოსაც არ გახლავთ. ასეა, რადგან ჯორდანის მიერ თანაგუნდელებისთვის ნათქვამი ფრაზები და მათი პასუხები რატომღაც ე.წ დოკუმენტურ ფილმში ვერ მოხვდა.

თუ ჯორდანზე რამე ცუდს იტყვი, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგანადგუროს. ჩარლზ ბარკლი და მაიკლი 30 წლის განმავლობაში მეგობრობდნენ, მაგრამ შემდეგ ბარკლიმ ჯორდანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის შარლოტ ჰორნეთსს არასწორი გზით მართავდა, რამაც მათ შორის ურთიერთობა გააფუჭა და წლებია ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან“.

გრანტი ჯორდანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. „ემჯეიმ“ „უკანასკნელი ცეკვის“ ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნა, რომ წიგნის, სახელად „ჯორდანის წესების“ ავტორს, სემ სმიტს გუნდის შიდა სამზარეულოს შესახებ ინფორმაცია სწორედ გრანტმა მიაწოდა.

„ეს სრული სიცრუეა. ტყუილია, ტყუილია, ტყუილია! სემთან ვმეგობრობ, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს. გასახდელის სიწმინდე არ დამირღვევია და პირადი საკითხები სააშკარაოზე არ გამიტანია. მან ჩამშვები მიწოდა, მაგრამ დოკუმენტურ ფილმში გაიხსენა მის სადებიუტო სეზონში მომხდარი ისტორია, როცა ერთ-ერთი თანაგუნდელის ოთახში შევიდა და კოკაინი, მარიხუანა და ქალები დაინახა. ძალიან მაინტერესებს ახლა ამაზე საუბარს რა აზრი აქვს?! ან ამ ისტორიის გახსენება რა საჭირო იყო?! თუ ვინმეს ჩამშვები უნდა ვუწოდოთ, ეს მაიკლი უნდა იყოს“.

შეგახსენებთ, რომ გრანტი „ჩიკაგო ბულსის“ ღირსებას 1987-დან 1994 წლამდე იცავდა და „ხარებთან“ ერთად NBA-ს ჩემპიონი სამჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები