Aa Aa
11 მაისი 2020  |  09:39

NBA - 2020-21 წლების სეზონში სახელფასო ჭერი დაიწევს

New York Post-ის ინფორმაციით, მომდევნო სეზონში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მესამედ, სახელფასო ჭერი დაიწევს. ამერიკული გამოცემა NBA-ის ხელმძღვანელებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ლიგამ დიდი ზარალი ნახა და ცვლილებები გარდაუვალია.

2019-20 წლების სეზონის სახელფასო ჭერი 109 140 000 დოლარია. მომდევნო გათამაშებაში კი, 115 000 000 დოლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა გეგმის შესრულების საშუალებას არ იძლევა.

New York Post-ის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია მომდევნო სეზონის სახელფასო ჭერი მიმდინარე გათამაშებაში დაწესებულ ნიშნულზე დაბალი იქნება, თუ უბრალოდ ნავარაუდევ თანხას, 115 მილიონს ვერ გაუტოლდება.

აქვე გეტყვით, რომ NBA-ის ისტორიაში სახელფასო ჭერმა მხოლოდ 2-ჯერ დაიწია. 2001-02 წლების სეზონში დაწესებული 42.5 მილიონი დოლარი , 2002-03 წლების სეზონში 40.27 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2008-09 წლების სეზონში დამტკიცებულმა 58.68 მილიონმა დოლარმა მომდევნო სეზონში 57.7 მილიონამდე დაიკლო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები