მაიკ ტაისონის რჩეული მოკრივეები - ენტონი ჯოშუა ხუთეულს მიღმა დარჩა
ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა თავის პოდკასტში, Hotboxin’-ში თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეები დაასახელა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, „რკინის მაიკის“ რჩეულთა შორის ვერ მოხვდა ენტონი ჯოშუა, რომელიც WBA-ის, IBF-ისა და WBO-ს საჩემპიონო ქამრებს ფლობს.
„ტაისონ ფიურის და დეონტეი უაილდერს დიდ პატივს ვცემ. ენდი რუისიც აღნიშვნის ღირსია. კიდევ არის ბიჭი, სახელად ვასილ ლომაჩენკო. ის ნამდვილი ცხოველი და ოსტატია. ლომაჩენკოს კრივი ცეკვას ჰგავს. ჯერვონტა დევისიც არ უნდა დავივიწყოთ. სიმართლე რომ ვთქვათ, დღესდღეობით ძალიან ცოტა მაღალი დონის მოკრივე გვყავს“.
ტაისონმა თანამედროვე კრივში შექმნილი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და პრომოუტერები გააკრიტიკა.
„თანამედროვე კრივი ძალიან პოლიტიკური გახდა. პრომოუტერები საუკეთესო მოკრივეებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბის საშუალებას არ აძლევენ. მათ ბრძოლებს სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ პრომოუტერებს ეს არ სურთ“.
როგორც იცით, ტაისონი რინგზე დაბრუნებას და 4-რაუნდიანი საქველმოქმედო ბრძოლების გამართვას გეგმავს, რათა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს.