გადაწყვეტილება მიღებულია - მაისის ბაშო გადაიდო
მსოფლიო პანდემიის გამო მაისის ბაშო, რომელიც 24 მაისს უნდა დაწყებულიყო, 2 კვირით გადაიდო. სუმოს ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მიიღო.
7 აპრილს, ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა მაისის ბოლომდე გამოაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, ზაფხულის ბაშო მაყურებლების გარეშე გაიმართება თუ - არა. შეგახსენებთ, რომ მარტის ტურნირი უმაყურებლოდ გაიმართა და სუმოისტებს სიცხეს დღეში ორჯერ უზომავდნენ.
ბოლო მონაცემებით, იაპონიაშ კორონავირუსით 14 877 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 3 981 გამოჯანმრთელდა, ხოლო 487 გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ფალავანი, ლევან გორგაძე დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ტოჩინოშინს, რომელმაც „ჰარუ ბაშოზე“ მე-9 მაეგაშირას წოდებით იასპარეზა და 6 ბრძოლა მოიგო, მაისის ბანძუკეში დასავლეთის მე-11 მაეგაშირის წოდება აქვს. ლევანისთვის ეს კარგი პოზიციაა. თუ ფორმაში ჩადგომა მოასწრო, სასურველი შედეგის მიღწევის მშვენიერი შანსი ექნება. თეიმურაზ ჯუღელს რაც შეეხება, იგი სანდანმეს დივიზიონშია და კვლავ კიუჯოს გამოაცხადებს.