ახალგაზრდულის შემდეგ ჭაბუკები - სუმოისტების კიდევ ერთი ტრიუმფი
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქართველმა სუმოისტებმა საერთაშორისო ასპარეზზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. თუ პოლონეთში ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა გამოიჩინეს თავი, უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ჭაბუკთა გუნდის წევრებმა ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულეს.
ქართველმა სუმოისტებმა ამ ტურნირზე ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგეს. სამიდან ორი ოქრო გუნდს რატი წულუკიძემ მოუტანა, რომელიც როგორც +100 კილოგრამ, ასევე აბსოლუტური წონითი კატეგორიის შეჯიბრებაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მესამე ოქროს მედალი კი საქართველოს ჭაბუკ სუმოისტთა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც წულუკიძის გარდა, ზებურ აბაშიძე, ლუკა მახარაძე და საბა შენგელია იცავდნენ, გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა.
ცნობისათვის, თითო-თითო ვერცხლი და ბრინჯაო ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ინდივიდუალურ ჩათვლაში შესაბამისად, დავით შველიძემ (+85 კგ) და ზებურ აბაშიძემ (90 კგ) მოუტანეს. აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კონტინენტის პირველობა 15 მედლით დაასრულა.