15 მედალი პოლონეთიდან - სუმოისტების ევრომონაგარი
პოლონეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს სუმოისტთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა. ჩვენი ქვეყნის გუნდის წევრებმა 15 მედალი მოიპოვეს, სადაც 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოსი გამოდგა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველები კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური შეჯიბრების დროს ავიდნენ.
ექვსიდან 2-2 ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს ლუკა ავაზაშვილმა და ავთო ლიკლიკაძემ მოუტანეს. ავაზაშვილმა პირველი ადგილი 23-წლამდელებს შორის როგორც 115 კილოგრამ, ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში დაიკავა. ლიკლიკაძემ კი საუკეთესო შედეგი 23 და 21-წლამდელებს შორის 77 კილოგრამში აჩვენა. კიდევ ორი ოქროს მედალი ჩვენი ქვეყნის გუნდმა 23-წლამდელებს შორის პირად-გუნდურ ჩათვლასა და გუნდურ შეჯიბრებაში მოიგო.
დავით აბალაკმა ვერცხლის მედალი 23-წლამდე ასაკის სუმოისტთა შორის კონტინენტის პირველობაზე - 115 კილოგრამ, 21-წლამდელებში კი აბსოლუტურ წონაში მოიგო. ამავე ასაკში ვერცხლის პრიზიორები ნიკოლოზ აქუბარდია (65 კგ) და დავით აქუბარდია (92 კგ) გახდნენ. რაც შეეხება ბრინჯაოს, საპრიზო მესამე ადგილი დავით აქუბარდიამ (92 კგ), გიორგი ჭელიძემ (100 კგ), ნიკოლოზ აქუბარდიამ (70 კგ), დავით აბალაკმა (აბსოლუტურსა და +100 კილოგრამში) დაიკავეს, ერთი ბრინჯაო კი 21-წლამდელების ანგარიშზეა პირად-გუნდურ ჩათვლაში.
ცნობისათვის, გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული საქართველოს 23-წლამდე ნაკრები გახდა და ტურნირი ჩვენი ქვეყნის ჰიმნით დაიხურა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც ლუკა ავაზაშვილი, დავით აბალაკი, დავით აქუბარდია და ლუკა ოჩიგავა იცავდნენ, უკრაინა, უნგრეთი, გერმანია და მასპინძელი პოლონეთი დაამარცხა.