Aa Aa
3 მაისი 2020  |  13:52

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი 79 წლის გახდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი 79 წლის გახდა. ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს მასშტაბით 60-იან და 70-იან წლებში დომინირებდა. პირველად მსოფლიოს ჩემპიონი 1962 წელს 21 წლის ასაკში გახდა. მან მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ოთხჯერ დაასრულა ტრიუმფით (1965, 1969, 1972, 1975).

ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.ასევე, მან ევროპული ქვეყნების ჩემპიონთა თასი ორჯერ მოიგო.

ნონა გაფრინდაშვილი საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა და კაცთა შორის. გარდა ამისა, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი და „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი. ორჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1969, 1975).

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია (1989-1996).  2000 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. 2002 წელს პოსტი დატოვა.

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

CrystalSport-ის რედაქცია ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს საუკეთესო სურვილებით იუბილეს ულოცავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები